საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები არც ისე მოცულობითია. თუმცა ბოლო წლებში ქვეყნებს შორის ვაჭრობა დადებითი ტენდენციით ვითარდება, ეს კი ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული და არა ადგილობრივი პროდუქციის ყიდვა-გაყიდვით. საქართველოში უზბეკეთიდან FDI და ფულადი გზავნილებიც არც ისეთი მაღალია, თუმცა მზარდია უზბეკი ტურისტების მხრიდან საქართველოთი დაინტერესება.
ამასთან, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში უზბეკეთის ბაზარზე გასვლით საქართველოდან უფრო მეტი ბიზნესი ინტერესდება. ამ მიმართულებით, ქართული კომპანიები განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც 2020 წლიდან „თიბისი ბანკი“ უზბეკეთის ბაზარზე შევიდა.
საქართველოში უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ოფიციალური წარმომადგენელი და უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლის დამფუძნებელი თიმურ აბდულაევი “ბიზნესის კვირეულთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ უზბეკეთში ქართული კომპანიების ხარისხს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მათთვის ბიზნესის კეთების ქართული გამოცდილება საინტერესოა. ბიზნესკონსულტანტმა, რომელსაც უზბეკურ ბაზარზე და საქართველოში ბიზნესთან ურთიერთობის მრავაწლიანი გამოცდილება აქვს, ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების პერსპექტივებზე, ქართული კომპანიების მხრიდან უზბეკეთით დაინტერესებასა და პირიქით უზბეკი ინვესტორების საქართველოში მოზიდვის შესაძლებლობებზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან უზბეკეთის ბაზარზე გასვლით დაინტერესებული კომპანიებისთვის გარკვეული რეკომენდაციებიც დაასახელა.
- გამარჯობა, თიმურ, მიხარია რომ დრო დაგვითმეთ. საუბარი მინდა ზოგადი შეფასებით დავიწყოთ, რადგან თქვენ ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობის კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება გაქვთ და რამდენიმე წელია აკვირდებით, ქართულ-უზბეკური ურთიერთობების განვითარებას. თქვენი შეფასებით როგორია ამ ურთიერთობების განვითარების დინამიკა?
- უზბეკეთში ძალიან უყვართ და აფასებენ საქართველოს, ბიზნესში ქართველ კოლეგებს. იცით, ბოლო წლებში უზბეკეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების საგრძნობლად განვითარდა. ახლა უზბეკეთი საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის შედის...
- ეს, ძირითადად, ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე ხდება...
- დიახ, არის ასეთი ინფორმაცია, მაგრამ სინამდვილეში უზბეკეთი ავტომობილების რეექსპორტს საქართველოდან პრაქტიკულად არ ეწევა. ეს უფრო მეტად ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში ხდება…
- ამ ჩამონათვალს ოფიციალური სტატისტიკით უზბეკეთიც ემატება...
- მესმის, მაგრამ ჩვენი მეზობლებთან შედარებით რეექსპორტის მაჩვენებელი მცირეა. მინდა გითხრათ, რომ ქართული ექსპორტისთვის ჩვენს ქვეყანაში უფრო საინტერესო მიმართულებებიც არსებობს - ეს არის ქართული ღვინო, ქართული სასმელები, IT ტექნოლოგიები, თანამედროვე, ახალი გადაწყვეტილებები. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი პარტნიორი უზბეკეთში რამდენიმე ქართულ, საკმაოდ მსხვილ და ცნობილ ღვინის კომპანიასთან აქტიურად მუშაობს, რომ უზბეკეთში არამხოლოდ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მოხდეს, არამედ ის გაყიდვების ლიდერად იქცეს. ეს საქმე მას წარმატებით გამოსდის. ამასთან, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სასმელი უზბეკეთში „ბორჯომია“. მე ვმეგობრობ როგორც აქ - საქართველოში, კომპანიის ხელმძღვანელობასთან, ისე უზბეკეთში მათთან, ვინც „ბორჯომის“ დისტრიბუციითაა დაკავებული. „ბორჯომის“ ლიმონათებიც უზბეკ მომხმარებლებში საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. ასევე, გვაქვს კომპანია „ზედაზენთან“ თანამშრომლობის კარგი გამოცდილება, რომლებმაც, ჩემი მონაწილეობით, ძალიან კარგ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ შემთხვევაში საუბარია არა ლიმონათზე, არამედ ლუდზე. კომპანია „ზედაზენი“ უზბეკეთში გაყიდვების მხრივ ძალიან კარგ შედეგს აჩვენებს. თუ კვების პროდუქტების გარდა სხვა მიმართულებაზეც ვისაუბრებთ, დღეისთვის IT სექტორი ძალიან პოპულარული მიმართულებაა. უზბეკეთის ბაზარზე ბევრი კომპანია თავისი პროგრამული გადაწყვეტილებებით და საპროექტო მომსახურებით შემოდის. ბოლო დროს გააქტიურდა სამშენებლო სექტორიც.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ვაორგანიზებდი შეხვედრებს და ვამყარებდი სწორ კონტაქტებს უზბეკეთში ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, „ბაუმერი“, ან კომპანია „ვორტექსი“ წყლის გამწმენდი სისტემების მიმართულებით. მინდა აღვნიშნო, რომ უზბეკეთში ქართულ გამოცდილებას ძალიან აფასებენ და უყვართ. მათ ესმით, რომ არსებობს საქმიანობის სფეროები, სადაც ქართულ კომპანიებს შეუძლიათ შესთავაზონ ის, რასაც ადგილობრივი უზბეკური კომპანიები არ აკეთებენ, ან სადაც ჩვენი უზბეკური კომპანიები უკვე რაღაცას აკეთებენ, მაგრამ ქართულ გამოცდილებას ამ მიმართულების გაძლიერება შეუძლია. შესაბამისად, ძალიან მსხვილი ჰოლდინგებიც კი ამბობენ, რომ ეს გამოცდილება მათთვის საინტერესოა.
- ანუ უზბეკეთის ბაზარი მზად არის და გახსნილია ქართული ბიზნესისთვის, რათა მიიღოს როგორც გამოცდილება, ისე უნარები, რომლებიც ჩვენმა ბიზნესმა გამოიმუშავა.
უზბეკეთის ბაზარი ღიაა კომპანიებისთვის მთელი მსოფლიოდან. ეს, ერთი მხრივ, კარგია ჩემთვის, როგორც უზბეკეთის მოქალაქისთვის, მაგრამ როგორც ადამიანისთვის, რომელსაც სულითა და გულით უყვარს საქართველო მე ქართველი მეუღლე მყავს და შესაბამისად, საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მინდა, ქართულმა კომპანიებმა უფრო აქტიურად ააწყონ თავიანთი ურთიერთობები უზბეკეთში. იმის მიუხედავად, რომ ბაზარი მართლაც დიდი და გახსნილია, იქ ძალიან ბევრი პროექტია თავმოყრილი. ქართული კომპანიები ცდილობენ საკმაოდ აქტიურად შევიდნენ ამ ბაზარზე, მაგრამ, სამწუხაროდ, არჩეულ გზებსა და გადადგმულ ნაბიჯებს ყოველთვის წარმატებამდე ვერ მივყავართ.
- ოთხი წლის წინ თქვენ უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლი გახსენით, რათა ქართულ და უზბეკურ კომპანიებს შორის ბიზნესურთიერთობები აგეწყოთ. როგორია სავაჭრო სახლის მუშაობის შედეგები და, თქვენი აზრით, რა წვლილი შეაქვს ამ სავაჭრო სახლს ორმხრივ ურთიერთობებში?
- ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ყველაზე მთავარი, ალბათ ქართული კომპანიების რაოდენობა კი არ არის, რომლებმაც დახმარებისა და რჩევისთვის პირადად მე მომმართეს, არამედ ის, რომ პირველ რიგში, ქართულ კომპანიებთან ურთიერთობის მეთოდები შეიცვალა. მე უბრალოდ კი არ ვმუშაობ პროექტებზე საქართველოსა და უზბეკეთს შორის - ჩემი ამოცანაა მდგრადი ეკონომიკური კავშირების დამყარება იმ ბაზრებს შორის, სადაც არსებობს ორმხრივი ინტერესი და ზრდის პოტენციალი. თუ ადრე, უზბეკეთის შესახებ საკმარისი იყო კონსულტაციის ჩატარება და მინიშნება რომელ კარზე დაეკაკუნებინათ… ან დახმარებოდი ამ კარის გაღებაში, ახლა ეს უკვე საკმარისი არ არის. ჩემი მუშაობა ქართულ კომპანიებთან ცოტა სხვა დონეზე გადავიდა…
- რას გულისხმობთ?
- იცით, უზბეკეთში დიდ მნიშვნელობას ქართული კომპანიების ხარისხს ანიჭებენ. ერთი მხრივ, შეიძლება დიპლომატი იყო და თქვა, რომ შესანიშნავი პროდუქტი გაქვთ და ის მოთხოვნადია, მაგრამ ეს გულწრფელობის გამომხატველი არ იქნება, რადგან არსებობს პროექტები, რომლებიც ხარისხიანი და საინტერესოა, მაგრამ სანამ უზბეკეთამდე ჩააღწევს, მისი ფასი იზრდება და ღირებულებით ის უზბეკეთის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ვერ იქნება… ან სერვისის ღირებულება შეიძლება რამდენჯერმე მხოლოდ იმის გამო გაიზარდოს, რომ ის ევროპული სტანდარტებით, ევროპული ტექნოლოგიებით არის შეთავაზებული. უზბეკი პარტნიორები კი ხშირად ცდილობენ, ყველაფერი უფრო იაფად, უფრო მარტივად გააკეთონ და ამისთვის მაგალითისთვის ჩინეთს ირჩევენ.
აქედან გამომდინარე საკვანძო მომენტი არა მხოლოდ ბაზარზე გასვლა, არამედ ადგილობრივ ბიზნეს გარემოში სწორად ინტეგრირებაა. ამის გარეშე ძლიერი პროექტებიც კი კარგავენ ეფექტურობას. ჩემი როლია დავაკავშირო სწორი ადამიანები და შევქმნა სტრუქტურა, რომელშიც ორივე მხარე ნახულობს სარგებელს და ფართოვდება. ვხედავ, რომ მომავალ წლებში თანამშრომლობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება, ამიტომ ახლა ამ პროცესებში ჩასართავად იდეალური მომენტია. ამ შემთხვევაში, ჩემი სამუშაო არა მხოლოდ კარის გაღება, არამედ სისტემის სწორი გამართვაა - მე სისტემის არქიტექტორი ვარ. ჩემი ამოცანაა, ავაგო სტრატეგია, შევარჩიო პარტნიორები, რომლებიც უზბეკეთში გრძელვადიან ურთიერთობებს ააწყობენ.
- ასეთი გრძელვადიანი თანამშრომლობის მაგალითები გაქვთ?
- დიახ, ამის კარგი მაგალითია შესანიშნავი ქართული ღვინო Georgian Royal Wine, რომელიც ოთხი წელია უზბეკეთში იგზავნება. ამ მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებების პროცესი ძალიან დიდხანს მიმდინარეობდა. პირველ შეხვედრიდან პირველ გადაზიდვამდე პროცესები ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. ახლა კი ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ეს ღვინო უზბეკეთში იგზავნება და ყოველ ჯერზე მოცულობები იზრდება. რადგან უზბეკეთი სულ უფრო მეტი ქართული ღვინის მოხმარებას იწყებს. იცით, ძალიან საინტერესო სიტუაციაა. უზბეკეთში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდნენ, რა იყო ნამდვილი ქართული ღვინო. ახლა უკვე რამდენიმე უზბეკური კომპანიაა, რომელიც ქართულ კომპანიებთან მუშაობს – ჩვენ ვყიდით ღვინოს საქართველოდან ფაქტობრივად უზბეკეთში ალკოჰოლის უმსხვილეს იმპორტიორ ჰოლდინგზე. შესაბამისად, ქართული ღვინის შესახებ მაქსიმალურად სწორი ინფორმაციის მიწოდებისთვის ძალიან დიდი დრო დაგვჭირდა. სამწუხაროდ, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო ამ ბაზრით დაინტერესებული არ არის. შეიძლება, წელს რამე შეიცვალოს, მაგრამ უზბეკეთისა და ყაზახეთის ბაზრებზე, გამოფენების, ფესტივალების ჩასატარებლად, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის და როგორც ჩანს, არც ინტერესია. თუმცა უზბეკეთიც და ყაზახეთიც ქართველი მეღვინეებისთვის ძალიან პერსპექტიული ბაზრებია.
- როგორც ვიცი, უზბეკეთში ალკოჰოლის მოხმარება არც ისე დიდია, იქნებ ამიტომ არ ინტერესდება სახელმწიფო? რით ხსნით ამას?
- იცით, მართლაც, უზბეკეთი, როგორც მუსლიმური ქვეყანა... მოსახლეობის გარკვეული უმეტესობა, მართლაც არ მოიხმარს ალკოჰოლს. მაგრამ ჩვენთან საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელმაც იმის გაგება დაიწყო, თუ რა არის ნამდვილი ღვინო. გარდა ამისა, ჩვენთან ბევრი სტუმარი, ტურისტია, რომლებიც ღვინოს სიამოვნებით მოიხმარენ. ჩვენთან ძალიან პოპულარული გახდა ქართული რესტორნები. თუ 5 წლის წინ 1-2 რესტორანი იყო, ახლა, ალბათ, დაახლოებით 10-ია და ისინი ძალიან პოპულარულია. ერთ-ერთ ქართულ რესტორანში დიდი, ლამაზი დაფა დგას, სადაც ყოველდღე წერენ ახალ ინფორმაციას, თუ რამდენი ხინკალი გაყიდეს. და 2 წლის განმავლობაში, თუ დაფას დავუჯერებთ, ეს, თითქმის, 2 მილიონი ხინკალია.
- საინტერესო სტატისტიკაა...
- და ეს ადგილი, სხვათა შორის, ძალიან უყვართ ქართველ სტუმრებსაც, აი, იქ აუცილებლად უნდა იყოს ქართული ღვინო.... ანუ, ადამიანებს სურთ გემრიელი ღვინო. კარგი იქნება, თუ ადამიანებს ეცოდინებათ, რა არის ღვინო, ამასთან, ძალიან რთულია, აუხსნა ხალხს, რა არის ქვევრის ღვინო…
- ესე იგი, რაც სტატისტიკიდან ჩანს ლიმონათი, ღვინო, მინერალური წყლები - ის პროდუქტებია, რაც უზბეკეთში იყიდება. გარდა ამისა, როგორ შეიძლება წავახალისოთ ვაჭრობა საქართველოსა და უზბეკეთს შორის, როგორ შეიძლება მისი გაზრდა?
- იცით, საქმე ის კი არ არის, რომ ეს იყოს რაღაც ხელშესახები პროდუქცია, რომელიც ქარხნებშია წარმოებული. საუბარია, ინტელექტუალურ ექსპორტზეც. ქართველი სპეციალისტები უზბეკურ ბიზნესში ძალიან კარგ, საპატიო პოზიციებს იკავებენ. და თუ ვსაუბრობთ იგივე TBC-ის გამოცდილებაზე, რომელიც რამდენიმე წელია უზბეკეთის ბაზარზეა, გასაგებია, რომ ხელმძღვანელობაში ქართველები მუშაობენ, ამასთან, არსებობენ უზბეკური კომპანიებიც, რომლებსაც სათავეში ასევე ქართველი სპეციალისტები უდგანან - ეს მეტყველებს პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე. იმაზე, რომ ქართველმა სპეციალისტებმა უფრო მეტი იციან და ესმით, ვიდრე, ვთქვათ, მათ კონკურენტებს ადგილობრივ ბაზარზე უზბეკეთში, და ისინი მოთხოვნადები არიან. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმაზე საუბარი, რომ ინჟინერიის, პროექტირების, მშენებლობის მიმართულებებში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნაც მაღალია. თუ კვების პროდუქტებზე ვსაუბრობთ, სამწუხაროდ, ბევრი მიმართულება არაკონკურენტუნარიანია იმის გამო, რომ სანამ პროდუქტი უზბეკეთამდე ჩავა, სანამ განბაჟდება, სანამ გაიყიდება, ფასი ემატება. რომ წარმოიდგინოთ ფასწარმოქმნა: თუ ქართული ღვინის საექსპორტო ფასი ქარხანაში 3 დოლარია, ტაშკენტის მაღაზიის თაროზე მისი ფასი უკვე 16 დოლარია, ანუ ხუთჯერ მეტი. ამიტომ ეს საკმაოდ რთული საკითხია
- რამდენად ხშირად მოგმართავენ კომპანიები დახმარებისთვის და რა ტიპის კომპანიები მოგმართავენ ყველაზე ხშირად?
- კონსულტაციისა და დახმარებისთვის, ალბათ, ყოველდღე მომმართავენ. არიან კომპანიები, რომლებსაც მცირე ბიუჯეტი აქვთ და ბოლომდე არ ესმით, როგორ იმოქმედონ უზბეკეთში. ძალიან მარტივი მოდელია: მათ სურთ იპოვონ მომხმარებელი, რომელსაც მიჰყიდიან თავის მომსახურებას ან საქონელს. მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ მუშაობს. არიან კომპანიები, რომლებიც უფრო სტრატეგიულად უდგებიან საკითხს, რომლებისთვისაც უზბეკეთში შესვლა ერთჯერადი გარიგება არ არის, მათ სურთ მუდმივ, სრულფასოვან ბაზარზე შესვლა.
- შეგიძლიათ გვითხრათ, ამჟამად რამდენ კომპანიასთან მუშაობთ და კონკრეტულად რას სთავაზობთ მათ? როგორ უხსნით, რა დაბრკოლებებს შეიძლება წააწყდნენ უზბეკეთში ბაზარზე შესვლისას?
- დღეს საკმარისი არ არის კომპანიას დაანახო ის კარი, რომელზეც მას დაკაკუნება შეუძლია. ბაზრის მენტალიტეტის, ადამიანების ფსიქოლოგიის, ეკონომიკურ და ბიზნესსექტორში რეალური მდგომარეობის გააზრების გარეშე, კომპანიები უბრალოდ თავისი მომსახურების გაყიდვას ცდილობენ....
- ამ პროცესში თქვენ მათ მნიშვნელოვანი რგოლად ევლინებით, რომელიც ბიზნესს სჭირდება…
- დღეისთვის მიმდინარე საოპერაციო ურთიერთობები მინიმუმ ათ კომპანიასთან მაქვს. ბევრი კომპანიაა, რომლებიც უზბეკეთის ბაზარზე შესასვლელად მზად არის. უზბეკეთის ბაზარზე გასვლისას კი მე ქართული კომპანიების თანმხლები ვარ.
საქმე ის არის, რომ ბაზარზე შესვლისას ქართული კომპანიები, ყველაზე ხშირად, ბაზრის სირთულეს და სპეციფიკას სათანადოდ ვერ აფასებენ. მთავარი შეცდომა ლოკალურ გარემოსთან საკმარისი ადაპტაციის გარეშე დამოუკიდებლად მოქმედების მცდელობა და უნივერსალურ ბიზნეს-მიდგომებზე დაყრდნობაა. ეს ეხება როგორც ბაზარზე შესვლის სტრატეგიას, ისე პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და მოლაპარაკებების წარმოებას.
ყველა უნდა იცოდეს, რომ პრაქტიკაში, უზბეკეთში პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილი რეგულირდება არა მხოლოდ ფორმალური მექანიზმებით, არამედ საქმიანი კულტურით; არაფორმალური შეთანხმებებით და გადაწყვეტილების მიღების თავისებურებებით. ამ ფაქტორების გარეშე, კომპანიები ვადების გაჭიანურებას, პროექტების განხორციელების სირთულეებსა და მცდარი მენეჯერული გადაწყვეტილებების რისკებს აწყდებიან. განსაკუთრებული საყურადღებოა ბიზნესის ადაპტაციას ბაზრის სპეციფიკასთან, რაც საქმიანი გარემოს, მენტალიტეტისა და ბიზნესის წარმოების თავისებურებებს მოიცავს.
- რა რეკომენდაციებს მისცემდით მცირე და საშუალო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უზბეკეთის ბაზარზე გასვლით? რას ურჩევდით მათ?
- არ შეეშინდეთ. პირიქით. მე ბევრს ვურთიერთობ ქართულ კომპანიებთან. უზბეკეთის ბაზარი იმდენად დიდია, მე მას „კლონდაიკს ვუწოდებ ველურ დასავლეთში“, სადაც ძალიან ბევრი ოქროა. სინამდვილეში, უბრალოდ უნდა გარისკონ და იქ მივიდნენ. თავდაპირველად კი პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას. უზბეკეთის ბაზარზე გასვლისას, ქართულ კომპანიებს ვურჩევდი, პირველ რიგში ყურადღება დაუთმონ მომზადებას როგორც სტრატეგიულ დონეზე, ისე ლოკალური საქმიანი გარემოს შესწავლის კუთხით. მნიშვნელოვანია, რომ არ სცადონ უკვე არსებული მოქმედი მოდელების მექანიკური გადმოტანა. ამის ნაცვლად, აუცილებელია მათი ადაპტირება ბაზრის სპეციფიკის, გადაწყვეტილების მიღების თავისებურებებისა და საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით. განსაკუთრებული როლი ენიჭება ლოკალური პარტნიორების სწორ შერჩევასა და მათთან გრძელვადიანი, სამუშაო ურთიერთობების ჩამოყალიბებას. მე ვეხმარები კომპანიებს ამ პროცესის სისტემურად აწყობაში: ბაზარზე შესვლის სტრატეგიის განსაზღვრითა და პარტნიორების შერჩევით დაწყებული, მოლაპარაკებების თანხლებითა და პროექტების პრაქტიკული რეალიზაციით დასრულებული.
- ჩვენ ვსაუბრობთ ქართული კომპანიების ინტერესზე უზბეკური ბაზრის მიმართ. მაგრამ თუ პირიქით ვიკითხავთ: როგორია უზბეკური ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ? რადგან ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უზბეკეთიდან 16 წლის განმავლობაში ჯამში საქართველოს ეკონომიკაში 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო... თქვენი შეფასებით, რამდენად ინტერესდებიან უზბეკი ბიზნესმენები საქართველოთი და როგორ შეიძლება მათი ჩართვა ჩვენი მიმართულებით?
- იცით, ვერ ვიტყოდი რომ უზბეკური ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ ძალიან დიდია. თუ ვისაუბრებთ იმაზე, რაც მე ვიცი, ერთ-ერთი მიმართულება, სადაც უზბეკები ფულს აბანდებენ - საინვესტიციო უძრავი ქონებაა, მაგრამ ესეც უფრო მეტად ბათუმშია. ასევე გეტყვით, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი უზბეკური კომპანია ახლა ფოთის პორტში სასაწყობე მეურნეობის პროექტის პირველ ეტაპს ასრულებს. ამასთან, არიან კომპანიები, რომლებიც ფოთში თავიანთ საწყობებს ფლობენ და ტვირთების დამუშავებით არიან დაკავებულები, რომლებიც ფოთის გავლით მოძრაობს…. ჩვენ ახლა ვცდილობთ, უზბეკ პარტნიორებს გარკვეული პროექტები შევთავაზოთ, რომლებიც აქ სასმელების წარმოებასთან იქნება დაკავშირებული.
- რომ მათ აწარმოონ?
- დიახ. რატომ? იმიტომ, რომ პროდუქციის მიწოდება საგარეო ბაზრებზე იგივე ფოთის გავლით გაცილებით სწრაფი და მოსახერხებელია. უზბეკეთს ამ მხრივ სამწუხაროდ არ გაუმართლა.
თუ იმაზე ვისაუბრებთ, როგორ უნდა მოვიზიდოთ საქართველოში უზბეკური ინვესტიციები, ვფიქრობ უზბეკი ბიზნესმენების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის გასაღვივებლად, კარგი იქნებოდა სხვადასხვა დარგის ქართული კომპანიების მონაწილეობით საქმიანი ფორუმის-გამოფენის ჩატარება. ამგვარად, უზბეკი ინვესტორებისთვის საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია მოხდება. ამასთან, შესაძლებელია მოვიწვიოთ პოტენციური ინვესტორები ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიდანაც, რადგან უზბეკეთი ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსური და ეკონომიკური ცხოვრების ცენტრი ხდება.
- როგორია თქვენი გეგმები, როგორც უზბეკეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლის საქართველოში და როგორც უზბეკურ-ქართული სავაჭრო სახლის ხელმძღვანელის?
- ყველა იმ რეგალიიდან, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, პირველ რიგში, მე ბიზნესმენი ვარ. ყველაზე მთავარი ახლა ის არის, რომ გავაგრძელოთ საუბარი იმაზე, თუ რამდენად პერსპექტიული და საინტერესოა უზბეკეთი. გავაგრძელოთ გულწრფელი საუბარი იმაზე, თუ რა სირთულეები შეიძლება დახვდეთ ქართულ კომპანიებს უზბეკეთის ბაზარზე. გავაგრძელოთ სწორი პარტნიორების შერჩევაში დახმარება. როდესაც ვამბობ „სწორი“, ვგულისხმობ კომპანიებს კარგი რეპუტაციით, კომპანიებს, რომლებსაც მართლაც აქვთ პროექტები ან ინტერესი ქართული პროდუქციის, მომსახურების, საქონლის შეძენის მიმართ და ა.შ. და, შესაბამისად, გავაგრძელოთ დახმარება ამ ყველაფრის გაყიდვაში, პოპულარიზაციაში, რათა ქართული საქონლისა და მომსახურების ექსპორტი უზბეკეთში კიდევ უფრო გაიზარდოს.
- დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისა და საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ.




























