მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უზბეკური ნედლეულის გადამუშავება და ევროპაში ექსპორტზე გატანა - რა შესაძლებლობას ხედავს თიზ-ი?

სოსო ნიბლაძე

თბილისის თავისუფალ ზონას შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს უზბეკური პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის პროცესში - ამის შესახებ BMG-სთან თიზ-ის მმართველი პარტნიორი სოსო ნიბლაძე საუბრობს.

მისი თქმით, შუა დერეფნის გააქტიურების ფონზე, უზბეკური ბიზნესისთვის საქართველო ევროპულ ბაზრებზე გასასვლელ სტრატეგიულ კარიბჭედ ყალიბდება.

„უზბეკეთი ჩვენთვის, მრავალმხრივ საინტერესო ქვეყანაა. უშუალოდ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებს შეუძლიათ ძალიან დიდი ფუნქციური როლი ითამაშონ უზბეკური ბიზნესისთვის - ეს არის ქვეყანა, რომელმაც ამ ეტაპისთვის უკვე მიაღწია განვითარების იმ სტადიას, რომ ამბიციები და ინტერესი გააჩნდეს ევროპული ბაზრებზე შესასვლელად. იმ ფონზე, როდესაც გააქტიურებულია შუა დერეფნის თემა, ორივე ქვეყნისთვის ორმხრივი ინტერესი იკვეთება - უზბეკური წარმოება ძალიან განვითარდა უზბეკეთში, ხოლო ჩვენმა თავისუფალმა ზონებმა შეიძლება, მნიშვნელოვანი როლი ითამაშონ იმ კუთხით, რომ უზბეკური საწარმოო ბიზნესი შემოიყვანოს გარკვეული მოდალობით.

ეს შეიძლება იყოს მთლიანი გადამუშავება, ნახევარფაბრიკატების ან ნედლეულის შემოტანა, საბოლოო პროდუქციის საქართველოში ჩამოყალიბება და შემდგომ უკვე, ევროკავშირში ექსპორტი, სადაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი გვაქვს. ეს ჩვენი ინტერესების გადაკვეთის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია“, - აცხადებს სოსო ნიბლაძე BMG-სთან.

მისივე თქმით, ინტერესი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იკვეთება - მათ შორისაა FMCG და ფარმაცევტიკა. როგორც ნიბლაძე განმარტავს, თბილისის თავისუფალ ზონაში ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, იგეგმება ერთობლივი პროექტები, სადაც ქართული და უზბეკური რესურსების შერწყმით პროდუქცია დასავლეთის ბაზრისთვის დამზადდება.

„ძალიან სერიოზული ინტერესია ფარმაცევტიკაში - როგორც იცით, თბილისის თავისუფალ ზონაში ფარმაცევტული და ასოცირებული პროდუქციის იმპორტ-ექსპორტი ინტენსიურად მიმდინარეობს და ეს გამოკვეთილი მიმართულებაა, რომელიც განვითარდა. თუმცა ტექსტილი ძალიან საინტერესოა, ოღონდ აქ უფრო პირიქით - ჩვენ ვცდილობთ და ვესაუბრებით უზბეკურ კომპანიებს, რომ ერთობლივი პროექტები შევთავაზოთ, სადაც ინვესტიციები ჩვენი მხრიდანაც განხორციელდება. ასეთი ერთობლივი ინიციატივებით, ხელს შევუწყობთ უზბეკურ-ქართული მატერიალური და არამატერიალური რესურსების შერწყმით, პროდუქცია დასავლეთის ბაზარზე გავიტანოთ, რისი ინტერესიც, უზბეკურ მხარეს, ძალიან დიდი აქვს“ - აცხადებს სოსო ნიბლაძე.

წარმოება, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ინვესტიციები - ეს ის საკითხებია, რაც საქართველო-უზბეკეთის ბიზნეს ფორუმზე განიხილეს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე უზბეკეთის 74 კომპანიას უმასპინძლეს.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველო-უზბეკეთის ეკონომიკური ურთიერთობები ამ ეტაპზე, არც თუ ისე მძლავრია. ბოლო 6 წლის განმავლობაში, უზბეკეთიდან საქართველოში ჯამში 19 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა. ქვეყნების შორის სავაჭრო ბრუნვა კი შედარებით, დადებითი ტენდენციით ვითარდება, რაც საქსტატის მონაცემებით, ავტომობილების რეექსპორტის გააქტიურებით არის განპირობებული. გასულ წელს საქართველოს ექსპორტის მოცულობა უზბეკეთში 220 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს აჭარბებს. რაც შეეხება იმპორტს, აქ მაჩვენებლები საგრძნობლად დაბალია - 2025 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 89 მილიონის, ხოლო 2024 წელს 95 მლნ დოლარის ღირებულის იმპორტი განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები