„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით უზენაესი სასამართლო თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საჩივარს არ დააკმაყოფილებს და „ჩირინას“ გაამტყუნებს, „ჩირინა“ სახელმწიფოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში იჩივლებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ BMG-სთან „ჩირინასა“ და „ყვარლის ბაგას“ შორის არსებული სამართლებრივი დავის შესახებ საუბრისას განაცხადა.
საქმე ეხება, „ყვარლის ბაგას“ მიერ „ჩირინას“ წინააღმდეგ წამოწყებულ სამართლებრივ დავას, რომლითაც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა. "ჩირინას" დაცვის მხარის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ჩირინამ" "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო "ყვარლის ბაგას" მიუღებელ შემოსავალში მათ წვლილი არ მიუძღვით. ეს გადაწყვეტილება „ჩირინამ“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.
რევაზ ვაშაკიძის თქმით, მას სტრასბურგის სასამართლოში ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების გამო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩივილი არ უნდა, თუმცა ამას უზენაესი სასამართლოს განაჩენი გადაწყვეტს.
„უზენაესი სასამართლო თუ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, სტრასბურგში ვიჩივლებთ. იმედი მაქვს, რომ უზენაესში ამ პროცესს უფრო გონივრულად, გულისხმიერად მიუდგებიან და გააუქმებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებული იქნა. მე რაზე მწყდება გული იცით? ეს რომ სასამართლომ დატოვოს, მე სტრასბურგში წასვლა მომიწევს... მე არ მინდა საქართველოს ვუჩივლო და ბიუჯეტიდან ავიღო ეს თანხა. კარგად გამიგეთ, მე არ ვმუშაობ იმისთვის, რომ ბიუჯეტიდან რაღაცა თანხები დავიბრუნო ზოგიერთის ცუდი გადაწყვეტილების გამო“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძე.
ცნობისთვის, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგას“ პოზიციით, „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი მეცხოველეობის ფერმაში ძროხებს აჭამეს, რამაც 200-მდე სული ძროხის დახოცვა გამოიწვია. ყვარლის ბაგას“ სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი აღმოაჩინა, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით აკრძალული არ არის. „ჩირინა“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა.




























