„მთავარია მიმართულება, რომელიც გვაქვს აღებული“ – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის კომისარმა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში კენან პოლეომ, თბილისში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ვაჭრობის რიცხვებზე კომენტირებისას განაცხადა.
პოლეო თბილისში გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით უკვე მეორედ გამართულ ფინტექ ფორუმს დაესწრო. გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის კომისარი ამბობს, რომ ვიზიტი დაეხმარა, უფრო აშკარად დაენახა საქართველოს ბიზნესთან და მთავრობასთან თანამშრომლობის ის მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად ზრდას შეუწყობს ხელს.
საქსტატის მიხედვით, 2023 წლის იანვარ – სექტემბრის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა – 37 მილიონ დოლარს აჭარბებს. ყველაზე აქტიურია საავტომობილო გზით ვაჭრობა, შემდეგ – საზღვაო და ბოლოს – საჰაერო. ექსპორტის მიხედვით, 2023 წლის იანვარ–სექტემბერში გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე დიდი რაოდენობით რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები გავიტანეთ. საექსპორტო ტოპ ხუთეულში შედის ასევე – მაისურები, თბილი კვართები და მანქანით ან ხელით ნაქსოვი სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი; ყურძნის ნატურალური ღვინოები; ძვირფასი ლითონების ნარჩენები და ჯართი და მანგანუმის ოქსიდები. იმპორტის მიხედვით, 2023 წლის იანვარ–სექტემბერში გაერთიანებული სამეფოდან ყველაზე დიდი რაოდენობით შემოვიტანეთ ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა. საიმპორტო ტოპ ხუთეულში შედის ასევე – მსუბუქი ავტომობილები; სასმელების წარმოებაში გამოსაყენებელი ნარევები; ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები და ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები.
კენან პოლეოს მიაჩნია, რომ ენერგეტიკის დარგს საქართველოში დიდი პოტენციალი აქვს, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საქმიანი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.
„ ენერგეტიკის სექტორში ნამდვილად უდიდესი პოტენციალი ჩანს, რადგან ორივე ქვეყნის მიზანია მწვანე, მდგრადი ეკონომიკის განვითარება. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო როგორც ბიზნესის, ისე მთავრობის გეგმები, რომ მკვეთრად შეამცირონ CO-ს გამოყოფა და ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ ამ მიზნის გარშემო გავერთიანდეთ, როგორც ბიზნესთან, ისე მთავრობასთან თანამშრომლობის კუთხით“ – ამბობს კენან პოლეო ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
კიდევ ერთი სექტორი, სადაც გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის კომისარი მსგავს პოტენციალს ხედავს – ინოვაციებია. ამ სფეროში, მისი ანალიზით, ყველაზე მთავარი რასაც ორი ქვეყანა უნდა უყურებდეს, მოგების და პოტენციალის მაქსიმიზებაა ყველა იმ მიმართულებით, რაშიც თანამშრომლობა პრაქტიკულად უკვე აწყობილია.
„მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს აქვს შანსი ნახტომისებურად განვითარდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, ფინტექი, საფინანსო სერვისები – ამ მიმართულებით შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ აქაური ეკოსისტემის გაცნობის შემდეგ, პოტენციალის და კრეატიული დამფუძნებლების აღმოჩენის შემდეგ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა არა მხოლოდ რეგიონის, ევროპის მასშტაბით განვითარდნენ, არამედ – გლობალურ მასშტაბზე გავიდნენ – დავრწმუნდი, რომ ეს ნოვატორები, ეს ანტრეპრენერები, დამფუძნებლები გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობებთან ერთად, რეალური გლობალურობის მიღწევის გარანტი შეიძლება გახდეს“, – ამბობს კენან პოლეო „ანალიტიკა“–სთან.
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაერთიანებული სამეფოდან თითქმის 28%–ით არის შემცირებული. მათი წილი 2022 წელს მთლიან უცხოურ ინვესტიციებში 20.8%–ი იყო. ამავე წელს გაერთიანებული სამეფო ნომერ პირველი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო საქართველოსთვის. მას მოსდევს ესპანეთი, ნიდერლანდები და აშშ. შარშან, გაერთიანებული სამეფოდან ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო საფინანსო სექტორში. ინვესტორებისთვის მიმზიდველ ტოპ 5 სექტორს შორისაა ასევე – ტრანსპორტი; ინფორმაცია და კომუნიკაცია; სასტუმროები და რესტორნები და პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობები.