მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაჭრობა, FDI, ფულადი გზავნილები, ტურიზმი - როგორია საქართველო-იტალიის ეკონომიკური ურთიერთობები?

იტალია

საქართველო-იტალიას შორის ეკონომიკური კავშირები წლების განმავლობაში ვითარდება. ბოლო 5 წლის განმავლობაში დადებითი დინამიკით ხასიათდება, როგორც ქვეყნებს სავაჭრო ურთიერთობები, ასევე ტურიზმისა და იტალიიდან ფულადი გზავნილების მაჩვენებლები. რაც შეეხება იტალიელი ბიზნესმენებისა და ინვესტორების მიერ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგებით დაინტერესებას, ამ მხრივ პირდაპირი იტალიური ინვესტიციების მოცულობა არც ისე დიდია.

FDI

იტალიიდან საქართველოში შემომავალი პირდაპირი ინვესტიციები წლების განმავლობაში უმნიშვნელოა. მაგალითისთვის 2014 წელს იტალიური ინვესტიციების მოცულობა $1.1 მლნ-ის შეადგენდა. ყველაზე დიდი ინვესტიციების შემოდინება 2004, 2005, 2006 წლებში ფიქსირდებოდა. მაშინ იტალიიდან ქვეყნის ეკონომიკაში $31.7 მლნ, $22.1 მლნ, $57.5 მლნ ჩაიდო. ამის შემდეგ FDI-ს მოცულობა ხან იზრდებოდა, ხან კი იკლებდა.

სავაჭრო ბრუნვა

საქართველო-იტალიის ვაჭრობის მაჩვენებელი დადებითია, განსაკუთრებით პანდემიური პერიოდის შემდეგ. 2024 წელს კი ქვეყნები სავაჭრო ურთიერთობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 470.5 მლნ დოლარამდე გაიზარდა. წლიურ ჭრილში იმპორტ-ექსპორტის დინამიკა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან ასეთია:

2024 წელი - $470.5 მლნ;

2023 წელი - $411 მლნ;

2022 წელი - $349.5 მლნ;

2021 წელი - $306.7 მლნ;

2020 წელი - $217.9 მლნ;

სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც, რამაც 106 მილიონ 767 ათასი დოლარი შეადგინა. ზრდა წლის ამ პერიოდში 3.3% იყო. ექსპორტს სავაჭრო ბრუნვაში მცირე წილი უკავია. იანვარ-მარტში ეს რიცხვი გაორმაგებულია და 19 მილიონ 673 ათას დოლარს შეადგენს. ამ პერიოდში იტალიაში გაყიდული საქონლის დიდი ნაწილი ადგილობრივ ექსპორტზე მოდის, შესაბამისად უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებს შორისაც რეიტინგში პირველ ადგილზე ადგილობრივად წარმოებული პროდუქტია.

2025 წლის I კვარტალში იტალიაში ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:

  1. შავი ლითონის მილები და მილაკები - $6.9 მლნ, 7 636 ტონა;
  2. თხილი და სხვა კაკალი - $4.9 მლნ, 728 ტონა;
  3. ფეროშენადნობები - $3.4 მლნ, 3 027 ტონა;
  4. აზოტოვანი სასუქები - $2.6 მლნ, 9 715 ტონა;
  5. დაწებებული ფანერები - $703 ათასი, 674 ტონა;

იმის გათვალისწინებით, რომ ვაჭრობაში იმპორტს ძირითადი ადგილი უკავია, I კვარტალში საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად იტალიაში 87 მილიონ დოლარი გავიდა. იმპორტირებული საქონლის რეიტინგში კი პირველ ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებენ. წლის ამ პერიოდში TOP-5 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი ასე გამოიყურება:

  1. მსუბუქი ავტომობილები - $6.7 მლნ, 42 ცალი;
  2. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - $3 მლნ, 46 ტონა;
  3. საშუალებები თმებისთვის - $2.9 მლნ, 404 ტონა;
  4. რძის დამუშავებისა და საწველი მოწყობილობები - $2.4 მლნ, 50 ტონა;
  5. მცენარეები, კალმები და გადანაწვენები - $2.2 მლნ, 376 ტონა;

გარდა ამისა იტალიიდან შემოგვაქვს ასევე გათბობის ქვაბები, ჭურჭლის სარეცხი მანქანები, რეზინის ფეხსაცმელი, მოსაპირკეთებელი ფილები, ყავა, კოსმეტიკური საშუალებები, სპაგეტი და მაკარონი და ა.შ.

ფულადი გზავნილები

უცხოეთიდან საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით, იტალია ქვეყნებს რეიტინგში გასული წლის მიხედვით, აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა. 2024 წელს ეს რიცხვი 8.3%-ით 567 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. წლის განმავლობაში ჯამში 1 708 400 გზავნილი გადმოირიცხა.

2025 წლის I კვარტალში კი იტალიიდან 434 000 გზავნილით ჯამში 141 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. ამ პერიოდშიც ქვეყნების რეიტინგში ევროკავშირის ეს ქვეყანა აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზეა. 2024 წლის ამავე პერიოდში ფულადი გზავნილების მოცულობა 136 მილიონ 156 ათასი დოლარი იყო.

ტურიზმი

პანდემიის შემდეგ იტალიიდან ქვეყანაში შესრულებული ვიზიტების დინამიკა დადებითია და იზრდება. ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ პერიოდშიც მზარდი იყო. ბოლო 5 წლის დინამიკა წლების მიხედვით ასეთია:

2024 წელი - 19 895 ვიზიტი;

2023 წელი - 15 961 ვიზიტი;

2022 წელი - 9 269 ვიზიტი;

2021 წელი - 3 803 ვიზიტი;

2020 წელი - 3 722 ვიზიტი;

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-მარტში საქართველოში იტალიიდან 4 170 ვიზიტი შესრულდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 10.1%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები