ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და ავსტრიას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომის ჩატარება ოქტომბერში იგეგმება. ასევე გათვალისწინებულია ბიზნეს ფორუმიც. "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ავსტრიის შრომისა და ეკონომიკის სამინისტროში გამართა შეხვედრა, რომელზეც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილეს.
BM.GE გთავაზობთ მონაცემებს საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებული ამჟამინდელი ეკონომიკური კავშირების შესახებ, რომელიც არც თუ ისე მოცულობითია.
ვაჭრობა
2024 წლის ოფიციალური სტატისტიკით, ავსტრია-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა სულ 105.4 მლნ დოლარი იყო, რაც წლიურად 10%-იან კლებაზე მიუთითებდა. ავსტრიასთან სავაჭრო ბრუნვა რეკორდული - 123.3 მლნ დოლარი 2018 წელს იყო, მას შემდეგ კი, გასული ორი წლის გარდა, 100 მლნ დოლარს ჩამორჩებოდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ავსტრიისგან ბევრად მეტს ყიდულობს, ვიდრე თავად ყიდის.
გასულ წელს ექსპორტმა 5.3 მლნ დოლარი შეადგინა (წლიურად 89%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა - 100.1 მლნ დოლარი (წლიურად 12.5%-ით ნაკლები).
2024 წლის მონაცემებით, ავსტრიაში ძირითადი საექსპორტო საქონლის ხუთეული შემდეგია:
- კოსტიუმები, კომპლექტები და სხვა მამაკაცისა ან ბიჭის - $2.2 მლნ;
- ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - $656.4 ათასი;
- ფეროშენადნობები - $577.1 ათასი;
- წმინდად და უხეშად დაფქული ფქვილი და ფხვნილი გამხმარი პარკოსანი ბოსტნეულისაგან - $449.3 ათასი;
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $142 ათასი;
საიმპორტო პროდუქტების TOP 5 კი ასე გამოიყურება:
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - $12.8 მლნ;
- მსუბუქი ავტომობილები - $8.4 მლნ;
- ალაოს ექსტრაქტი - $3.8 მლნ;
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $3.7 მლნ;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $3.2 მლნ.
FDI
ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას ქართულ-ავსტრიულმა მხარეებმა ისაუბრეს, ავსტრიელი ინვესტორების მზარდი ინტერესია საქართველოს მიმართ. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავსტრიიდან საქართველომ ყველაზე მეტი ინვესტიცია - 51.5 მლნ დოლარი 2008 წელს მიიღო. 2020-2021 წლებში უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა, უკვე 2023 წელს კი, 31.8 მლნ დოლარის FDI შემოვიდა, რაც წლიურად 40%-იანი ზრდა იყო. 2024 წლის სამ კვარტალში საქართველოში 27.9 მლნ დოლარის ავსტრიული ინვესტიცია შემოვიდა.
ტურიზმი
მხარეებს შორის შეხვედრის კიდევ ერთი საკითხი საქართველოში ავსტრიელი მოგზაურების მზარდი დინამიკა იყო. ოფიციალური სტატისტიკით, 2024 წელს საქართველოში 9 092 ავსტრიელი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი განხორციელდა, რაც წლიურად 14.5%-იანი ზრდაა. მატების მიუხედავად, მაჩვენებელი ჩამორჩება პანდემიამდელ 2019 წელს, როდესაც 11 962 ვიზიტი განხორციელდა და ამასთან, სწორედ ეს წელი იყო რეკორდული ავსტრიიდან ვიზიტებით.




























