ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი "ნამახვანჰესის" პროექტის ინვესტორი კომპანია ENKA-ს გადაწყვეტილებას, გაწყვიტოს საქართველოს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება და გავიდეს პროექტიდან, “ჩავარდნას” უწოდებს.
ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა, სადაც ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა. მისივე შეფასებით, "ნამახვანჰესის" შემთხვევამ აჩვენა, რომ მოსახლეობასთან დროული კომუნიკაცია უნდა ჰქონოდათ.
“წარმატებასთან ერთად, მიმდინარე წელს ჩავარდნებიც გვქონდა. ასეთი იყო მაგალითად, "ნამახვანჰესის" პროექტის ჯერ შეჩერება, ხოლო შემდეგ ინვესტორის მიერ გაკეთებული განცხადება პროექტიდან გასვლის შესახებ.
მართალია, მთელ მსოფლიოში მსგავს მსხვილ და სტრატეგიულ პროექტებს თან ახლავს ანალოგიური სირთულეები; საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის. ამ ფაქტმა დაგვანახა მთელი რიგი სიღრმისეული პრობლემა - ზოგი ახალი, ზოგი ისტორიულად დაგროვილი და სამომავლოდ გადასაჭრელი საკითხები - დაწყებული უფრო დროული კომუნიკაციის დაწყების აუცილებლობით და ჩვენ ვაღიარეთ, რომ ამ კუთხით ჩავარდნა გვქონდა, დასრულებული ზოგადად ენერგოუსაფრთხოებაზე მოსახლეობისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებით. ამაზე მოსახლეობასთან უნდა ვისაუბროთ”, - აცხადებს ნათია თურნავა.
შეგახსენებთ: კომპანია ENKA-მ სექტემბერში საფონდო ბირჟაზე ფორს-მაჟორისა და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ამჟამად საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის დასაწყებადაც ემზადება.
ENKA-ს მიერ პროექტიდან გასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტი არსებული სახით არ განხორციელდებოდა. ამასთანავე, მთავრობის გადაწყვეტილებით, ENKA-მ ჰესის მშენებლობა შეაჩერა, რადგანაც მასზე მორატორიუმი გამოცხადდა.




























