ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება მსოფლიო დონის კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელი რეფორმების განხორციელებას აგრძელებს. ამის შესახებ პრემიერმა კაპიტალის ბაზრების რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ ღონისძიების ორგანიზატორებს „თიბისი კაპიტალსა“ და საქართველოს ეროვნულ ბანკისადმი მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ღონისძიება უნიკალურად აერთიანებს გლობალურ ინვესტორებს, პოლიტიკის განმსაზღვრელებსა და წამყვანი ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლებს ისეთ დროს, როდესაც უშუალოდ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მოვლენები ფინანსურ ბაზრებს აყალიბებს.
„კორპორაციული ობლიგაციების შიდა ბაზარზეც ისტორიული ზრდა გვაქვს. 2025 წელს, ვიხილეთ ყველაზე მაღალი აქტივობა, რადგან ემისიების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა; საჯარო კორპორაციული ობლიგაციების ბაზარი წინა წელთან შედარებით 33.3%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი მომწიფებულ ეკოსისტემაზე მეტყველებს, სადაც ქართული ბიზნესსუბიექტები მზად არიან კონკურენციისთვის, ხოლო გლობალური ინვესტორები - პარტნიორობისთვის.
„ვაგრძელებთ სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას ჩვენი კაპიტალის ბაზრის შემდგომი გაღრმავების მიზნით. დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვამ შედეგი უკვე გამოიღო და კაპიტალის მნიშვნელოვანი დაგროვება მოხდა ქვეყანაში, მართვის ქვეშ არსებული ფინანსური რესურსის ოდენობა 9 მილიარდ ლარს უახლოვდება. ეს ქმნის გრძელვადიანი ადგილობრივი ინვესტორების ძლიერ ბაზას. პარალელურად, ვახორციელებთ კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაფინანსების ინსტრუმენტების გაფართოებაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მყოფი გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის კეთილგანწყობილი მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობაზე.
ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელი ღონისძიება გახლავთ ჩვენს რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე დიდი და გავლენიანი კონფერენცია. ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს ვუდასტურებ, რომ საქართველო ღიაა ბიზნესის ხელშეწყობისთვის. ჩვენ მათ არა მხოლოდ ბაზარს ვთავაზობთ, არამედ პარტნიორობას გრძელვადიანი ზრდის პერსპექტივით. მტკიცედ ვრჩებით სტაბილური, პროგნოზირებადი და ინვესტორებისთვის მეგობრული გარემოს შენარჩუნების იდეის ერთგულნი. ვაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, რაც აუცილებელია მსოფლიო დონის კაპიტალის ბაზრის ეკოსისტემის შესაქმნელად, რომელიც ემსახურება როგორც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ასევე თქვენს საინვესტიციო მიზნებს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გაჟღერებული მოსაზრებები პრაქტიკულ ნაბიჯებსა და ხანგრძლივ პარტნიორობამდე მიგვიყვანს. ყველას გისურვებთ პროდუქტიულ, არსებითი ინფორმაციით დატვირთულ და წარმატებულ კონფერენციას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს მნიშვნელოვანი გლობალური ცვლილებების პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც მსოფლიოს ერთ ნაწილში მიმდინარე მოვლენები მყისიერად მოქმედებს ენერგიის ფასებზე, ხოლო მეორეში - მიწოდების ჯაჭვებსა და განვითარებად ბაზრებზე.
„ამ რთულ გარემოში საქართველოს როლი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენი გეოგრაფიული ადგილმდებარეობით, ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, შუა დერეფნის მნიშვნელოვან რგოლს წარმოვადგენთ, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს და მის ფარგლებსაც სცდება. ამ როლის ხელშეწყობა მოითხოვს არა მხოლოდ ფიზიკურ დაკავშირებადობას, არამედ ძლიერი, გამჭვირვალე და ეფექტური კაპიტალის ბაზრების განვითარებასაც. საქართველოს მთავრობისთვის კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბება უმთავრეს ეროვნულ პრიორიტეტებს შორისაა. კარგად ფუნქციონირებადი კაპიტალის ბაზარი აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის. ის ხელს უწყობს ფინანსური რესურსების ეფექტურ განაწილებას, მხარს უჭერს კერძო სექტორის ზრდას და უზრუნველყოფს წვდომას გრძელვადიან დაფინანსებაზე. ამავდროულად, კაპიტალის ბაზრები მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზეა დამოკიდებული. სიამაყით შემიძლია გაცნობოთ, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები ძლიერი და მდგრადია. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) საშუალოდ 9.3% შეადგინა და ეს ძლიერი პოზიცია 2026 წელსაც ფიქსირდება; მიმდინარე წლის მხოლოდ პირველ თვეში 7.9-პროცენტიანი ზრდა სტაბილურად შევინარჩუნეთ. ეს განპირობებულია სტრუქტურული გაუმჯობესებით და მაღალი პროდუქტიულობის მქონე სექტორებით, რაც ჩვენს ეკონომიკას სულ უფრო კონკურენტუნარიანს ხდის. ეს პროგრესი წამყვან საერთაშორისო შეფასებებშიც აისახება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




























