მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

6051b8096a6f8
თელარა გელანტია
17.03.21 12:03
1423
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ.

„დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როგორც იცით, გარკვეულ ქუჩებზე ეს სისტემა უკვე მოქმედებს. ჩვენ ამ პროგრამას განვაგრძობთ და ის უკვე ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უფასო იქნება.

„ჩვენ აღნიშნულ პროგრამას ეტაპობრივად ვახორციელებთ და საბოლოო ჯამში, ის მთელ ქალაქს მოიცავს. თბილისში, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, ხოლო ამ ცვლილებით, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე, შემდეგ ორბელიანის მოედანზე, ასევე, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები