დასაქმების სააგენტოების ნაწილში აცხადებენ, რომ კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების კლების ტენდენცია თებერვალშიც შენარჩუნდა, თუმცა ზრდა შეინიშნება მარტში.
როგორც Hr.ge-ში BMG-ის განუცხადეს, მათ პლატფორმაზე თებერვალში იანვართან შედარებით ვაკანსიების 4%-იანი კლება დაფიქსირდა, თუმცა კომპანიების მხრიდან გააქტიურება უკვე მიმდინარე თვეში ფიქსირდება.
სააგენტოს გაყიდვების დირექტორის თქმით, მარტში გამოცხადებულ ვაკანსიებში ზრდა ჰორეკა სექტორში დაფიქსირდა, რაც მოსალოდნელიც იყო.
“თებერვალი ვაკანსიების განთავსების ნაწილში აქტიური არ იყო, ჯამში 4000-მდე ვაკანსია განთავსდა, რაც იანვართან შედარებით 4%-იანი კლებაა. მარტში კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების მაჩვენებელი 4400 იყო, რაც თვიურ ჭრილში საშუალოდ 12%-იანი მატებაა. ძირითადად ჰორეკა სექტორია გააქტიურებული. სტუმართმასპინძლობის დარგში ბოლო კვარტალში 40%-იანი კლება იყო. მარტში კი ამ მიმართულებით განთავსებული ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა, 15%-იანი ზრდა ფიქსირდება. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს სექტორი ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად უფრო გააქტიურდება. თუმცა წლიურ ჭრილში რომ ვისაუბროთ, გასულ წელთან შედარებით მაინც შემცირებულია გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა, რადგან შარშან პირველი კვარტალი ძალიან აქტიური იყო”, - განაცხადა Hr.ge-ის გაყიდვების დირექტორმა ინგა შახბაზიანმა.