მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ კაჭარავამ სამშენებლო და სარემონტო მასალების ახალი კომპანია Grossmann დააფუძნა

Grossmann

საქართველოში სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო მასალების ბაზარზე ახალი კომპანია Grossmann შემოდის.

მიმდინარე წლის აგვისტოში კომპანია ოფიციალურად დაფუძნდა და მისი 100%-იანი წილის მმართველი ვახტანგ კაჭარავაა, რომელმაც „თეგეტა ჰოლდინგში“ 12-წლიანი მუშაობის შემდეგ საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. კომპანიის განვითარების გეგმებზე დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, პირველი ფილიალის გახსნა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება, გეგმაში კი 4-5 წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 15-20-მდე მაღაზიის გახსნას მოიცავს. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, მათი მიზანი იქნება საქართველოში ისეთი წარმატებული ბრენდების წარმომადგენლები გახდნენ, რომლებიც ქვეყანაში ჯერ შემოსულები არ არიან.

„მინდოდა, ძალები პირად ბიზნესშიც მეცადა და გადავწყვიტე დამეფუძნებინა სარემონტო, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო მასალების მაღაზია Grossmann-ი. კომპანიის განვითარების სტრატეგია საქართველოს მასშტაბით მაღაზიათა ქსელი განვითარებას მოიცავს, რაც პირველ ეტაპზე 15-20 მაღაზიის გახსნას გულისხმობს. თავდაპირველად 4-5 მაღაზია თბილისში გაიხსნება, ხოლო შემდეგ რეგიონის მსხვილ ქალაქებშიც გავალთ. რეალური მაღაზიების გარდა კომპანიას E-commerce პლატფორმაც ექნება. მინდა, მაქსიმალურად თანამედროვე კორპორაციული მმართველობა დავამკვიდრო კომპანიაში, რაც გულისხმობს მათ შორის უფურცლო ოპერაციებს, ახალ ინიციატივებს და ა.შ.

15 მაღაზიის გახსნა 3-5-წლიანი ბიზნესგეგმის ნაწილია, რისთვისაც დაახლოებით ამ პერიოდში 10 მლნ ლარის ინვესტიციას ჩავდებთ.

პირველი მაღაზიის გახსნა სექტემბრის ბოლოსთვის, ლისის ტერიტორიაზე გვინდა და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პირველი მომხმარებელი სწორედ სექტემბრის ბოლოსთვის მივიღოთ. კომპანია ერთი თვეა, რაც დაფუძნდა. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, რის შემდეგაც პირველ მაღაზიას ლისის ტერიტორიაზე გავხსნით“, - აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა.

მისი ინფორმაციით, საქართველოში სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი ფრაგმენტირებულია და კომპანია იმ ნიშის შევსებას შეეცდება, რომელიც მისი დაკვირვებით არსებობს.

„ვერ ვიტყოდი რომ საქართველოში ეს ბაზარი გაჯერებულია. ბოლო კვლევებით სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარი 5 მლრდ დოლარად იყო შეფასებული და TOP-30 მოთამაშეს ბაზრის მხოლოდ 15% ეკავათ, ბაზრის დანარჩენი ნაწილი კი ფრაგმენტირებულია, სადაც ვაჭრობა ორგანიზებული არ არის და სხვადასხვა მაღაზიებია. ვფიქრობ, Grossmann-ისთვის ამ ნიშაში შესვლა კარგი შესაძლებლობა იქნება. ჩვენ ვკონცენტრირდებით არა დიდ სუპერმარკეტებზე, არამედ მცირე ზომის მაღაზიებზე, შესაბამისად ვფიქრობთ, ამგვარად ჩვენს ადგილს კარგად დავიკავებთ“, - აღნიშნავს ვახტანგ კაჭარავა.

კომპანიის დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ ამ მიმართულებით ბიზნესის დაწყება მათ შორის პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიწყო: „პირადი საჭიროებისას მაღაზიებში ხარისხიან მასალებს ვერ ვნახულობდი და მეორე პრობლემა ის იყო, რომ სხვადასხვა მაღაზიაში კომპეტენცია მაღალ დონეზე არ არის. შევეცდებით ეს GAP-ები გამოვასწოროთ და ჩვენს მომხმარებელს ხარისხთან დაკავშირებით თითოეული პროდუქტის ღირებულება ავუხსნათ. მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება“, - აღნიშნა კაჭარავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები