მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ვაკიჯვრის საკალმახე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვას იწყებს - ინვესტიცია ₾2 მლნ

კალმახი

გურიაში მდებარე მეურნეობა „ვაკიჯვრის საკალმახე“ წარმოების მოდერნიზაციასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

როგორც მეურნეობის გაყიდვების მენეჯერმა, ერეკლე ჩხარტიშვილმა BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, მიზანი კალმახის წარმოების გაზრდა და ხარისხის გაუმჯობესებაა, ხოლო საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 2 მილიონ ლარს შეადგენს.

„გაფართოებას ახალი ტექნოლოგიების დახმარებით ვაპირებთ - ჟანგბადის აპარატურა, დახურული წყლის სისტემები და სხვა თანამედროვე მეთოდები გვექნება, რომ უფრო მეტი თევზი უფრო მცირე ტერიტორიაზე მოვიყვანოთ. ტერიტორიულად არ ვფართოვდებით, უბრალოდ ტექნოლოგიურად ვვითარდებით“, - განმარტა ჩხარტიშვილმა.

მისი თქმით, პროექტის ტექნიკური გეგმა ებრაელ სპეციალისტებთან თანამშრომლობით მომზადდა. ინვესტიციის განხორციელების შემდეგ საწარმო საშუალოდ 400 ტონა კალმახის წარმოებას გეგმავს, ხოლო წარმატებული სცენარის შემთხვევაში - 1000 ტონამდე ზრდასაც არ გამორიცხავს.

აღსანიშნავია, რომ „ვაკიჯვრის საკალმახე“ ამჟამად ერთ-ერთ მსხვილ პარტნიორ ქსელთან - „ნიკორასთან“ თანამშრომლობს. ჩხარტიშვილის თქმით, გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ქართული წარმოება თურქულ იმპორტთან კონკურენციაში ჯერაც სირთულეებს აწყდება.

„თურქული თევზი საქართველოში გაცილებით მეტია, ბაზარზე თავისი ადგილი დაიკავა და კონკურენცია რთულია. თუმცა, მაინც ვცდილობთ, ხარისხით და ტექნოლოგიური განვითარებით პოზიციები გავზარდოთ “, - ამბობს ჩხარტიშვილი.

ინფორმაციისთვის, საკალმახე გურიაში, ვაკიჯვარში მდებარეობს. ობიექტი ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდში იყო აშენებული და 3 აუზს მოიცავდა. 18 წლის წინ კი კომპანია „ნიკორამ“ შეიძინა და დაახლოებით 2-ჯერ გაფართოვდა. ამჟამად, წარმოებაშია კალმახი და ხიზილალა, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებსა თუ სუპერმარკეტებში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები