ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე თანამდებობას ტოვებს და საქმიანობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აგრძელებს. შესაბამისი ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.
კალაძემ კვინიკაძეს მადლობა გადაუხადა ვაკის რაიონში გაწეული საქმიანობისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდან შემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, რაიონის გამგებლის პოზიციას კი 2021 წლიდან იკავებდა. ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებული ვარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება,“ – განაცხადა კალაძემ.
კვინიკაძის შემცვლელის შესახებ ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, "ოცნების" მთავრობის რეგიონული განვითარების მინისტრი თბილისის ვიცე-მერი კახა გულედანი გახდა.




























