მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის ტერიტორიის ადგილმონაცვლეობის ღირებულება $2.8 მლნ-ია

63a2b7fe956de
ვიქტორია მღებრიშვილი
21.12.22 11:57
2856
ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის სანაცვლოდ, კომპანიას ორი მლნ 800 ათასი აშშ დოლარი გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა, დაახლოებით, სამი მლნ აშშ დოლარით ნაკლებია იმ ღირებულებაზე, რაც კომპანიის მხრიდან თავიდან იყო მოთხოვნილი.

„ვაკის პარკში წლების წინ გაცემული იყო სამშენებლო ნებართვა. პირველად, 2013 წელს, როდესაც გიგი უგულავა გახდა დედაქალაქი მერი, გასცა ზონალური შეთანხმება ამ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის შესახებ. ბევრი ადამიანი აპროტესტებდა აღნიშნულ ფაქტს. ამ ხნის განმავლობაში, აღნიშნულ საკითხზე ვმუშაობდით. დღეს მონაცვლეობა განხორციელებულია. პირველად შემოთავაზებული საკომპენსაციო ოდენობა 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი გახლდათ. ეს ჩვენთვის მიუღებელი იყო. ნაკვეთის ღირებულება, რომელსაც ამ კომპანიას საკომპენსაციოდ გადავცემთ, არის 2 მლნ 800 ათასი აშშ დოლარი, რაც თავიდან მოთხოვნილ თანხაზე, დაახლოებით, 3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა საკუთარ მოადგილეს, ანდრია ბასილაიას აღნიშნული ტერიტორიის მოწესრიგება დაავალა.

„მინდა, დავავალო ანდრია ბასილაიას, რომ აღნიშნული ტერიტორია მოწესრიგდეს. ვიცი, რომ აქ კატლავანია ამოღებული, ღობეებია მოწყობილი. გააკეთეთ პროექტი და წარვუდგინოთ საზოგადოებას, რა სახით დაუბრუნდება ეს სივრცე ვაკის პარკს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის: თბილისის მერიასა და "ტიფლის დეველოპმენტს" შორის ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის" აშენებასთან დაკავშირებით დავა წლების განმავლობაში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ვაკის პარკში არსებობს სადავო ტერიტორია, რომელზეც ინვესტორი კომპანიის ინფორმაციით, 2013 წელს სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვაა გაცემული. პროექტი სასტუმრო „ბუდაპეშტი“ ამავე სახელობის კომპანიამ უნდა განახორციელოს, თუმცა თბილისის მოქმედი მთავრობა ამაზე უარს აცხადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები