"ქართული ოცნების" დეპუტატი, ვაკო თურნავა ღია ბანკინგთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ მისი დანერგვა ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
"ღია ბანკინგი Open Banking - ევროკავშირში შემოღებულ იქნა გადახდის მომსახურებების გადახალისებული დირექტივის (PSD2) მეშვეობით. ეს დირექტივა ევროპარლამენტმა მიიღო 2015 წლის ოქტომბერში და მისი მიზანი იყო ინოვაციური ონლაინ და მობილური გადახდების განვითარებისა და გამოყენების ხელშეწყობა, ბანკებისთვის ლიცენზირებული მესამე მხარეებისთვის მომხმარებელთა მონაცემებზე წვდომის დაშვებით ანუ მომხმარებლის თანხმობით.
ეს დირექტივა ძალაში შევიდა 2018 წლის 13 იანვარს და სრულად ამოქმედდა 2019 წლის 14 სექტემბერს.
P.S. ცნობისთვის, ღია ბანკინგის დანერგვა, ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის",- დაწერა ვაკო თურნავამ.
ცნობისთვის, ღია ბანკინგის საკითხზე ვაკო თურნავამ 27 მარტს, კომიტეტის სხდომაზე კითხვა დაუსვა სებ-ის ვიცე პრეზიდენტს. ის დაინტერესდა როგორ იმოქმედებს ღია ბანკინგი ბარათებთან დაკავშირებულ საკომისიოებზე:" ვუყურებდი ბოლო სტატისტიკას, დაახლოებით VISA-ს და MASTERCARD-ს ასობით მილიონი ლარი საკომისიო აქვთ ქვეყნიდან გატანილი. გამოიწვევს თუ არა ღია ბანკინგის ჩართვა, რომ ქვეყნიდან ეს თანხა აღარ გავა?",- განაცხადა ვაკო თურნავამ.
თავის მხრივ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ განაცხადა, რომ ღია ბანკინგის მიმართულებით საქართველოში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. მისივე თქმით, სებ მუშაობს პროექტზე, რომელიც მათ შორის ლარის გადარიცხვებზე VISA-ს და MASTERCARD-ის გავლენას შეამცირებს.
ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს. პირველი არასაბანკო კომპანია, რომელზეც გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ღია ბანკინგის ლიცენზია გასცა Keepz-ია (შპს "ქიფზ.მი"). კომპანიის დამფუძნებელი ვაკო თურნავაა.