რეგულაციები “მაგთიკომისთვის” დამაზიანებელი არაა, ეს მისთვისაც ჯანსაღი სვლა იქნება - ასე პასუხობს კომუნიკაციების კომისია “მაგთის”, რომელიც მიიჩნევს, რომ მარეგულირებლის გადაწყვეტილება სპეციფიკური ვალდებულებების დაკისრებასთან დაკავშირებით კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული.
როგორც კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, მოლოდინია, რომ დაწესებული რეგულაციები ბაზარზე კონკურენციის გაზრდას უზრუნველყოფს. ამასთან, მისი თქმით, “მაგთიკომს” შესაძლებლობა ექნება, ინფრასტრუქტურის გაქირავებიდან საბითუმო სეგმენტში დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
ეკატერინე იმედაძე აღნიშნავს, რომ “მაგთიკომს” სპეციფიკური ვალდებულებები სამის წლის ვადით დაუწესდა, თუმცა მათი გადახედვა შესაძლოა, უფრო ადრეც მოხდეს.
“ჩვენთვის ამოსავალი ისაა, რომ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდული იყო, კონკურენტები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ საცალო ნაწილში მომხმარებლისთვის შესაბამის შეთავაზებებს. სამი ტიპის ვალდებულება დაეკისრა "მაგთიკომს". ესენია - ვირტუალური ოპერატორის დაშვება, ეროვნული როუმინგი, თანალოკაციის დაშვება. ეროვნული როუმინგი კონკურენტებს საშუალებას მისცემს ეს ინფრასტრუქტურა შეისყიდონ და შესაბამისი ხარისხი შესთავაზონ მომხმარებელს ისეთ ადგილებში, სადაც თვითონ არ აქვთ მაღალი ხარისხის დაფარვა. მეორე მხრივ, ეს "მაგთიკომს" საშუალებას მისცემს რომ ეს შემოსავლები საცალო მიმართულებით გადაიტანოს. საცალო მიმართულებით მას კონკურენტი გაუძლიერდება, თუმცა საბითუმო ნაწილში შემოსავალი გაუჩნდება და გარკვეულ მოგებას დაუტოვებს. ეს აუცილებლად გადაითარგმნება არსებული ოპერატორების მხრიდან მომხმარებლებისთვის ხარისხის გაზრდაში, ხოლო ახალი მოთამაშეები ბაზრის სეგმენტზე შესვლას მოახერხებენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ძალიან დაჩაგრულია იურიდიული ანუ კორპორაციული სეგმენტი, რომელსაც ადეკვატური შეთავაზებები არ აქვს, ამ მიმართულებით ჩვენს ბაზარზე უფრო ცუდი შეთავაზებებია, ვიდრე ფიზიკური პირებისთვის. ეს სეგმენტიც აუცილებლად გაძლიერდება. ჩვენ რაც ვნახეთ გამოცდილება, ვირტუალური ოპერატორები შედიან ამ ბაზარზე და ვფიქრობთ, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. კარგი გამოცდილება. ასევე, "მაგთიკომს" ინფრასტრუქტურის გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი საშუალებას მისცემს , რომ ისევ ინოვაციაში გააკეთოს რეინვესტირება. ვფიქრობთ, ამან ბაზარი უნდა გააჯანსაღოს, როგორც მომხმარებლისთვის არჩევანი, ასევე მოთამაშეებისთვის.
“მაგთიკომს”, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, რომ იდავოს, თუმცა ჩვენ იმაზე ვიმუშავებთ, რომ დავანახოთ მოთამაშეებს, მათ შორის "მაგთიკომს", რომ ეს არაა დამაზიანებელი, მათ შორის არც "მაგთისთვის". ევროკავშირში არაერთი კომპანია დარეგულირებულა როგორც მნიშვნელოვანი საბაზრო წილის მქონე ოპერატორი და ამას რაიმე დამაზიანებელი ეფექტი კონკრეტულად რომელიმე კომპანიისთვის არ გამოუწვევია, გარდა იმისა, რომ მას შეიძლება საცალო ნაწილში შეუმცირდეს მოგებიანობა, რადგან ამ მიმართულებით კონკურენტები გაძლიერდებიან. ევროკავშირში ასეთი რეგულაცია სხვადასხვა დროს არსებობდა. დღეისათვის საქართველოს ბაზარზე ამ სამი ტიპის რეგულაციის შემოღების საჭიროება იყო, რაც გადახედვადია, ეს სამუდამო რეგულაცია არაა. ყველაზე გვიან სამ წელში გადავხედავთ, თუმცა თუკი ბაზარზე პოზიტიური ცვლილებები უფრო ადრე მოხდება, რასაც ჩვენ ველოდებით, უფრო ადრეც შეუძლია იმსჯელოს კომისიამ მის გადახედვაზე. ჩვენი ცალსახა ხედვაა, რომ ეს ჯანსაღი სვლა იქნება მათ შორის, “მაგთიკომისთვისაც” და ვფიქრობთ, თავად მალე უნდა დარწმუნდნენ ამაში”, - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომი“ მობილური მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად აღიარა და სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა. მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღების დროს ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს ქმნის.“მაგთი” ვალდებული იქნება, საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ოპერატორები დაუშვას, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორებს ინფრასტუქტურა მიაქირავოს.