„მაგთიკომისთვის” დაწესებული სპეციფიკური ვალდებულებები მობილური მომსახურების ბაზარს გააჯანსაღებს როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ.
როგორც კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დაწესებული რეგულაციები ბაზარზე კონკურენციის გაზრდას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ, მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების მიწოდებას ნიშნავს.
მისივე თქმით, მათ შორის მოლოდინია, რომ მობილური ვირტუალური ოპერატორები კორპორაციულ მომხმარებლებს მათზე მორგებულ შეთავაზებებს შესთავაზებენ. ამასთან, ეკატერინე იმედაძის განცხადებით, დაკისრებული ვალდებულებების ფარგლებში “მაგთიკომს” შესაძლებლობა ექნება, ინფრასტრუქტურის გაქირავებიდან საბითუმო სეგმენტში დამატებითი შემოსავალი მიიღოს.
“ჩვენთვის ამოსავალი ისაა, რომ ბაზარზე კონკურენცია შეზღუდული იყო, კონკურენტები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდნენ საცალო ნაწილში მომხმარებლისთვის შესაბამის შეთავაზებებს. სამი ტიპის ვალდებულება დაეკისრა "მაგთიკომს". ესენია - ვირტუალური ოპერატორის დაშვება, ეროვნული როუმინგი, თანალოკაციის დაშვება. ეროვნული როუმინგი კონკურენტებს საშუალებას მისცემს ეს ინფრასტრუქტურა შეისყიდონ და შესაბამისი ხარისხი შესთავაზონ მომხმარებელს ისეთ ადგილებში, სადაც თვითონ არ აქვთ მაღალი ხარისხის დაფარვა. მეორე მხრივ, ეს "მაგთიკომს" საშუალებას მისცემს რომ ეს შემოსავლები საცალო მიმართულებით გადაიტანოს. საცალო მიმართულებით მას კონკურენტი გაუძლიერდება, თუმცა საბითუმო ნაწილში შემოსავალი გაუჩნდება და გარკვეულ მოგებას დაუტოვებს. ეს აუცილებლად გადაითარგმნება არსებული ოპერატორების მხრიდან მომხმარებლებისთვის ხარისხის გაზრდაში, ხოლო ახალი მოთამაშეები ბაზრის სეგმენტზე შესვლას მოახერხებენ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენთან ძალიან დაჩაგრულია იურიდიული ანუ კორპორაციული სეგმენტი, რომელსაც ადეკვატური შეთავაზებები არ აქვს, ამ მიმართულებით ჩვენს ბაზარზე უფრო ცუდი შეთავაზებებია, ვიდრე ფიზიკური პირებისთვის. ეს სეგმენტიც აუცილებლად გაძლიერდება. ჩვენ რაც ვნახეთ გამოცდილება, ვირტუალური ოპერატორები შედიან ამ ბაზარზე და ვფიქრობთ, საქართველოს ზომის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება. კარგი გამოცდილება. ასევე, "მაგთიკომს" ინფრასტრუქტურის გაქირავებისგან მიღებული შემოსავალი საშუალებას მისცემს, რომ ისევ ინოვაციაში გააკეთოს რეინვესტირება. ვფიქრობთ, ამან ბაზარი უნდა გააჯანსაღოს, როგორც მომხმარებლისთვის არჩევანი, ასევე მოთამაშეებისთვის”, - განაცხადა ეკატერინე იმედაძემ.
ცნობისთვის, კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომი“ მობილური მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად აღიარა და სპეციფიკური ვალდებულებები დააკისრა. მარეგულირებელი გადაწყვეტილების მიღების დროს ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ბაზრის კვლევას დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც „მაგთიკომი“ როგორც ფინანსური რესურსების, ისე აბონენტებისა თუ ინფრასტრუქტურის კუთხით, კონკურენტებთან შედარებით დიდ უპირატესობას ფლობს, რაც ბაზარზე შესვლის ბარიერებს და შემზღუდველ გარემოს ქმნის.“მაგთი” ვალდებული იქნება, საკუთარ ქსელზე მობილური ვირტუალური ოპერატორები დაუშვას, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორებს ინფრასტუქტურა მიაქირავოს.
თავად “მაგთიკომი” კი მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არაარგუმენტირებულია და კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული.