მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კომუნიკაციების კომისიამ "მაგთის" MVNO-ების დაშვების და ქსელის გაზიარების ვალდებულება დაუდგინა

კახა ბექაური

"მაგთი" მობილური კომუნიკაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის მქონე მოთამაშედ გამოცხადდა - შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ მრავალთვიანი განხილვების შემდეგ მიიღო. კომისიის მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზის თანახმად, მობილური საკომუნიკაციო ბაზარი არაკონკურენტულია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის კი მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის დონე გაიზარდოს. კომისიის განცხადებით, სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, კომისიამ "მაგთის" მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი მიანიჭა, რაც კომისიას აძლევს იურიდიულ საფუძველს "მაგთის" დამატებითი რეგულაციების შესრულება მოსთხოვოს. საუბარია მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვებაზე, შიდა როუმინგის ამოქმედებასა და ქსელის ინფრასტრუქტურის მიქირავების ვალდებულებებზე.

კომპანია "მაგთი" აღნიშნულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. კომპანიის იურისტმა, ლევან გიორგაძემ BMG-ის განუცხადა, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კომპანია ყველა სამართლებრივ ღონეს მიმართავს, რათა დადგინდეს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არაარგუმენტირებული და უკანონოა.

კომუნიკაციების კომისია "მაგთისთან" მიმართებით ანალოგიური გადაწყვეტილების მიღებას ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც გეგმავს, რა შემთხვევაშიც "მაგთის" ანაზღაურების სანაცვლოდ, ინფრასტრუქტურის საკუთარი კონკურენტებისთვის გაზიარება დაევალება.

კომუნიკაციების კომისია ამ საკითხზე გასული ორი წლის განმავლობაში მუშაობს, რისთვისაც ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ მობილურ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ვითარება არაკონკურენტულია, ხოლო ამ ვითარების გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა, რაც მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვებით შეიძლება განხორციელდეს.

კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია 2024 წლის 22 თებერვალს დაადგინა. მეთოდოლოგიის მიხედვით, კონკრეტულ კომპანიას შეიძლება აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს, თუკი მას 40%-ზე მაღალი საბაზრო წილი უჭირავს.

2024 წლის მდგომარეობით, “მაგთის” 2,283,302 აბონენტი ჰყავს, რაც მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის აბონენტთა 41.6%-ია, რაც 40%-იან ნიშნულს აღემატება. ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე კი "მაგთის" აბონენტთა რაოდენობა მთლიანი ბაზრის 51%-ს შეადგენს.

სამი სახის ვალდებულება, რაც "მაგთის" დღეს მიღებული გადაწყვეტილებით დაეკისრება:

1) ვირტუალური ოპერატორის დაშვება, რომლისთვისაც უნდა შეიქმნას დაშვების გამჭვირვალე პირობები და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი;

2) ეროვნული როუმინგი, რომ უფრო ნაკლები დაფარვის ქსელის ოპერატორს ჰქონდეს შესაძლებლობა ფასის სანაცვლოდ დაშვება მოიპოვოს რეგიონებში წერტილოვნად სადაც ცუდია მისი სერვისები;

3) თანალოკაციის დაშვება, რაც ნიშნავს კონკრეტული ქსელის ელემენტების მიქირავებას, შესაბამისად, ეს უნდა იყოს ხელსაყრელი როგორც მსხვილი ოპერატორისთვის, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორისთვის იძლევა შესაძლებლობას იქირაოს ტექნიკური სიმძლავრე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები