ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ვალის მოცულობა ყოველწლიურად მკვეთრად იზრდება და ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამჟამად ვალის საერთო მოცულობა 34 ტრილიონ 332 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ რიცხვზე უკვე არაერთხელ გვისაუბრია.
ამჯერად ყურადღება კიდევ ერთ შთამბეჭდავ რიცხვზე - 870 მილიარდ დოლარზე უნდა გავამახვილოთ, რომელიც ის თანხაა, რომლის გადახდა ამერიკის მთავრობას ერთი წლის განმავლობაში ამ $34-ტრილიონიანი ვალის მომსახურების სანაცვლოდ მოუწევს, თანაც მხოლოდ პროცენტებში.
ეს 870 მილიარდი დოლარი ერთდროულად წარმოადგენს მსოფლიო რეკორდს და ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ვალის მომსახურება ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტს აჭარბებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამ რიცხვის მასშტაბებს.
ცხადია, სახელმწიფო ვალი ყოველწლიურად იზრდება. სავარაუდოდ, 2032 წლისთვის ვალის მომსახურების მაჩვენებელი $1.5 ტრილიონს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე $5.5 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს, რაც იმაზე მეტი თანხა იქნება, რასაც ქვეყანა ჯანდაცვის სისტემაზე ხარჯავს.
ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს.