მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ოქტომბერში საქართველოში აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის "სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის" ვიზიტი იგეგმება

64ba878d2632f
ვიქტორია მღებრიშვილი
21.07.23 17:27
426
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ - ში იმყოფება, აშშ - ის კომერციის მდივნის თანაშემწესთან აარუნ ვენკატარამანს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მნიშვნელობას. მისი თქმით, ორი ქვეყნის სავაჭრო ბალანსი დადებითი დინამიკით ხასიათდება, ხოლო აშშ-ს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ სახელმწიფოთა შორის მე-7 ადგილი უკავია.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში კომერციის დეპარტამენტის მიერ "სერტიფიცირებული სავაჭრო მისიის" დაგეგმილ ვიზიტზე, რომელიც 2023 წლის ოქტომბერში შედგება.

„ვიზიტის ფარგლებში ამერიკულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია მიიღონ საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობაზე და სახელმწიფო პროექტებზე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ასევე ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის შესაძლო პარტნიორების მოძიების მიზნით“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში საქართველოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და მათ მჭიდრო კოორდინაციას პარტნიორებთან. ამერიკულმა მხარემ ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები პოზიტიურად შეაფასა.
შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე ვაჭრობის, ენერგეტიკის და ტრანსპორტის სექტორებში.


ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ასევე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კოენ დავიდსს შეხვდა, სადაც საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ურთიერთობებზე ისაუბრეს და ყურადღება გამახვილდა ბანკის ჩართულობით მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე გაამახვილეს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის პარტნიორობა, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა: კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობა, ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია და სხვ. ამავე დროს, ხაზი გაესვა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„შეხვედრაზე ხაზი გაესვა შავი ზღვის კაბელთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევას. აღინიშნა ამ პროექტის დიდი მნიშვნელობა საქართველოს ენერგეტიკული მომავლისთვის.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც პანდემიის შემდეგ პირველად ტარდება და თბილისში ოქტომბრის ბოლოს გაიმართება. გენადი არველაძემ აღნიშნა, რომ ღონისძიებაზე ბანკის მხრიდან მაღალ დონეზე მონაწილეობა უმნიშვნელოვანესი იქნებოდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები