ქვეყნის მზარდი საბიუჯეტო დეფიციტის გამოწვევის აღმოსაფხვრელად გასატარებელ რადიკალურ ზომებს შორის, საფრანგეთი ორ დღესასწაულზე უქმე დღის გაუქმებას განიხილავს. როგორც ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბეიროუმ განაცხადა, მიზანი ქვეყნის ეკონომიკის “დამანგრეველი ვალისგან” გადარჩენაა.
2026 წლის ბიუჯეტის განხილვისას, ასეთ დღესასწაულებად ბეიროუმ აღდგომის ორშაბათი და 8 მაისი, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ სხვა დღესასწაულებსაც გადახედავს.
საფრანგეთი ევროკავშირისგან წნეხის ქვეშაა, თავისი საბიუჯეტო დეფიციტი, რომელიც მშპ-ის 5.8%-ს შეადგენს, 3%-მდე, EU-ს მიერ დადგენილ ნორმამდე შეამციროს. ქვეყნის საგარეო ვალი 3.3 ტრილიონ ევროს შეადგენს, რომელზედაც პროცენტის სახით ყოველწლიურად 60 მილიარდი ევრო აკუმულირდება.
პრემიერის შეფასებით, საგარეო ვალის ეს მოცულობა ქვეყნისთვის სასიკვდილო საფრთხეა. მისი გადაწყვეტილებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 43.8 მილიარდი ევროთი შემცირდება, რაც დეფიციტს მშპ-ის 4.6%-იან ნიშნულამდე დაიყვანს. გეგმის თანახმად, მშპ-ის 3%-ს გაუთანაბრდება დეფიციტი 2029 წელს.
მოსალოდნელია, რომ ორი უქმე დღის გაუქმება საზოგადოებისგან დიდ წინააღმდეგობას დაიმსახურებს. პოლიტიკური ოპოზიცია უკვე მიიჩნევს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება პირდაპირი შეტევაა საფრანგეთის ისტორიასა და წინაპრებზე.




























