აქტივების მმართველმა Valkyrie Funds-მა ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან საინვესტიციო ფონდში (ETF) ეთერიუმის დამატების უფლება მიიღო.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარეგულირებელი ორგანო ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დალისტულ ფონდში ეთერიუმის დამატების უფლებას გასცემს. სავარაუდოდ, ეს იქნება პრეცედენტული გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალში უფრო ხშირად ვიხილავთ ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ETF-ებს.
ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. მაგალითად: Valkyrie Funds-ის ტექნოლოგიურ ETF-ში უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია ინტეგრირებული. ამ ETF-ის შეძენით კი ინვესტორი ფაქტობრივად მთელ ტექნოლოგიურ სექტორს ყიდულობს, ნაცვლად ერთ ან ორი კომპანიისა.
კრიპტო ETF-ის შემთხვევაშიც ვითარება ანალოგიური იქნება, ის უმსხვილეს კრიპტოაქტივებს გააერთიანებს, თუმცა მათ შორის უდიდესი წილი ბიტკოინს და ეთერიუმს ექნებათ.
Valkyrie-ის მიერ კრიპტო ETF-ის გამოშვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან კრიპტობირჟებისგან განსხვავებით, Valkyrie-ს ინსტიტუციური ინვესტორების მხრიდან სრული ნდობა აქვს და ის კარგი რეპუტაციით სარგებლობს, ეს კი იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ Valkyrie-ს არც გაკოტრების და არც დაჰაკვის რისკები არ აქვს, განსხვავებით კრიპტობირჟებისგან.