მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვამაყობ იმ წვლილით, რაც კოლეგებთან ერთად პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში შევიტანეთ - შოთაძე

ირაკლი შოთაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტს გადადგომის თხოვნით მიმართა. როგორც ის გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.

შოთაძე განვლილ საქმიანობასაც აფასებს და აცხადებს, რომ ამაყობს იმით, რაც საჯარო მოხელეობის დროს გააკეთა:

"მეხუთე წელი მიდის, რაც საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა მიკავია, ხოლო ზოგადად საჯარო სამსახურში 2005 წლიდან ვმუშაობ. ჩემთვის უდიდესი პატივია ჩემი ქვეყნის სამსახურში ყოფნა და ვამაყობ იმ წვლილით, რაც ჩემს კოლეგებთან ერთად ამ წლების განმავლობაში შევიტანეთ პროკურატურის რეფორმირებასა და განვითარებაში, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მოდიფიცირებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია რეფორმების კუთხით პროკურატურის ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობის გაძლიერება, რის შედეგადაც საქართველოს პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებიდან გარდაიქმნა დამოუკიდებელ ინსტიტუციად. შეიქმნა საპროკურორო საბჭო, რომელიც ირჩევს გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, ასევე იბარებს გენერალური პროკურორის საქმიანობის ანგარიშს. ეს ანგარიშები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ამდენად ნებისმიერ დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს დეტალური ინფორმაცია პროკურატურის საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია ინსტიტუციის გამჭვირვალობის კუთხით", - აცხადებს ირაკლი შოთაძე.

მისი თქმით, ცალკე აღნიშვნის ღირსია ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული რეფორმები, კონკრეტულად კი პროკურორების და გამომძიებლების სპეციალიზაცია.

"სწორედ სპეციალიზაცია გახდა მნიშვნელოვანი წარმატების წინაპირობა მთელი რიგი დანაშაულების წინააღმდეგ ეფექტიანად ბრძოლაში, მაგალითად ტრანსნაციონალური დანაშაულის, კიბერდანაშაულის, ქალთა მიმართ და სექსუალური ძალადობის, ფულის გათეთრების, ორგანიზებული დანაშაულის და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში გვაქვს ხელშესახები შედეგები, რასაც მოწმობს ევროჯასტის ფარგლებში, სხვადასხვა ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად თბილისში ჩატარებული არაერთი წარმატებული ოპერაცია, რაც არაერთხელ გახდა ევროჯასტის მხრიდან განსაკუთრებული აღნიშვნის და შექების საგანი.

რა თქმა უნდა, ეს შედეგები და მიღწევები რომლებზეც კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და რომლებიც დეტალურად არის ასახული ჩემს ანგარიშებში არ იქნებოდა, რომ არა პროკურატურის თითოეული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და ყოველდღიური თავდადება. დიდი მადლობა მათ ამ მონდომებისთვის, გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩემს კოლეგებს არაერთი წარმატებული პროექტისთვის და საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პროკურატურის თითოეული თანამშრომელი თავდაუზოგავად გააგრძელებს წარმატებულ საქმიანობას პროკურატურის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის და გაძლიერებისთვის, ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის", - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები