უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესო ალავიძე აცხადებს, რომ ქართველი ხალხი პროკურატურას არ უნდა ენდოს, რადგან გასულ წლებში, ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლეს გენერალურმა პროკურორმა ქრთამის აღება შესთავაზა - საკითხზე ალავიძე TV პირველის ეთერში საუბრობს და ადასტურებს, რომ გენერალური პროკურორი მაშინ ირაკლი შოთაძე იყო.
"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ქართველმა ხალხმა არ შეიძლება ნდობა გამოუცხადოს ქართულ პროკურატურას, რომლის ყოფილი გენერალური პროკურორის ერთ-ერთ საქმესთან დაკავშირებით მე შემომთავაზეს თანხა, გარკვეულ საქმეზე კონკრეტული შედეგის დადების სანაცვლოდ.
შუამავალმა მითხრა, რომ ირაკლი შოთაძისგან ავიღებდი გარანტიას, რომ, ქრთამის აღების შემთხვევაში. “სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაგეკისრება და ეს თანხა კარგად შეგერგება”- განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ.
BM.GE ინფორმაციის დასადასტურებლად ბესო ალავიძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, შუამავალი, რომელიც ყოფილ მოსამართლეს ქრთამს სთავაზობდა, ასევე ატყობინებდა, რომ საქმეში ბიძინა ივანიშვილიც ფიგურირებდა, რომელიც "საქმის კურსში იქნებოდა".
ყოფილი მოსამართლე არ აკონკრეტებს, რომელ საქმესთან დაკავშირებით დაუკავშირდა მას შუამავალი, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესები 2015 ან 2016 წლებში მიმდინარეობდა.
ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას პირველად 2015 წლიდან 2018 წლამდე იკავებდა, 2018 წლის 31 მაისს კი იგი გადადგა. 2020 წლის 18 თებერვალს შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტზე პარლამენტმა ხმათა სრული უმრავლესობით აირჩია.