მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვამბობდი, რომ ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სებ-ს ინტერვენციები მოუწევდა - გოცირიძე

630f5e0f029b3
შოთა ტყეშელაშვილი
31.08.22 17:10
3014
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ სებ-ის მიერ აგვისტოს განმავლობაში უცხოური ვალუტის შესყიდვა ლარის გაუფასურების პროვოცირების ერთ-ერთი მიზეზია. დეპუტატი ამ სახით გამოეხმაურა სებ-ის მიერ დღეს განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას, რომლითაც ეროვნულმა ბანკმა $32 მილიონი გაყიდა. 

რომან გოცირიძე წერს, რომ ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმის მეშვეობით უცხოური ვალუტის ინტერვენციების გარეშე ყიდვა/გაყიდვის პრაქტიკა არის გაუმჭვირვალე და მოსახლეობა ამ ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციას დაგვიანებით იგებს. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ამ სისტემით განხორციელებული ოპერაციების მოცულობა 2020-2021 წლებში მცირე იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეში მათი ზომა მნიშვნელოვნად გაიზარდა და მან ივლისში $110 მილიონს მიაღწია. 

“ვამბობდი, რომ ეროვნულ ბანკს მოუწევდა უცხოური ვალუტის გაყიდვა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, მაგრამ ასე სწრაფად თუ მოხდებოდა, ნამდვილად არ მოველოდი. ამ წუთას ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 32 მილიონი დოლარი.

ერთი კვირის წინ 40 მილიონი დოლარი იყიდა, ეგონა რომ ლარი კვლავ განაგრძობდა გამყარებას, სინამდვილიში უკუპროცესის პროვოცირება მოახდინა. ეჭვი მაქვს, რომ ივლისის თვის მსგავსად, ეროვნული ბანკი ფარულად, ანუ აუქციონის გარეშე კვლავ აგრძელებდა დოლარების შესყიდვას, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა ლარის გაუფასურება.

იყო თუ არა ასე, ამას ერთი თვის შემდეგ გავიგებთ, როცა ინფორმაცია საჯარო გახდება.

ინფორმაციის გასაიდიმლოება რომ დაუშვებელია, ამაზე უკვე ვილაპარაკეთ.

“ვის ხელშია საცოდავი ლარი”-მხოლოდ ეს აზრი მოგივა პირველ რიგში ადამიანს თავში,”- წერს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე.

სებ-მა წელს სავალუტო აუქციონი 7-ჯერ გგანახორციელა, საიდანაც დოლარი 4-ჯერ შეისყიდა. აგვისტოს განმავლობაში სებ-მა 3 აუქციონით $70 მილიონი შეისყიდა და ორი აუქციონით $40 მილიონი გაყიდა. სავალუტო ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია მისი განხორციელების დღესვე ქვეყნდება.

Bmatch პლატფორმით განხორციელებული ოპერაციების შესახებ ყოველთვიური ანგარიშები ქვეყნდება. სებ-ის თანახმად, მათ ივლისში ამ გზით $110 მილიონი დოლარი შეისყიდეს. ინფორმაცია თუ რა მოცულობის შესყიდვები/გაყიდვები განხორციელდა ამ პლატფორმით აგვისტოში, სექტემბრის ბოლოს გახდება ცნობილი.