მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვანდალიზმზე ჯარიმები მკაცრდება - კანონპროექტი

63ff34e48c1fe
მარიამ ვარადაშვილი
01.03.23 15:58
1074
პარლამენტი განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელითაც საზოგადოებრივი  ობიექტების დაზიანებისთვის ჯარიმა ახალი წესით განისაზღვრება. შესაბამისი ცვლილება შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. შესაბამისად, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს არ აღემატება, პირს პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

“შესაბამისად, ვანდალიზმის ისეთი შემთხვევა, როგორიცაა საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის განზრახ დაზიანება ან განადგურება (რასაც ზემოაღნიშნული ოდენობის ზიანი არ გამოუწვევია) სათანადო რეაგირების გარეშე რჩება”,-წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტით მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენა კი 500 ლარიან ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით ითვალისწინება.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, ცვლილება არ ეხება ისეთ შემთხვევებს, რომელიც  გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება, მაგალითად, გრაფიტით კონკრეტული ადგილების მოხატვა და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები