მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაპირებ, აშშ-ში ჩავიდე 40 ქართველი ბიზნესმენის თანხლებით - ელჩი

რობინ დანიგანი პარლამენტში
18.06.24 22:50
1280

ვაპირებ, აშშ-ში ჩავიდე 40 ქართველი ბიზნესმენის თანხლებით, რათა იქ ბიზნეს კავშირებსა და ინვესტიციებზე ისაუბრონ - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა შედგება თეთრ სახლში შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანთან.

"შუა დერეფნის და საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება გადამწყვეტია და მინდა ვთქვა, რომ მომავალ კვირას ან ამ შაბათ-კვირას ვაპირებ ჩავიდე შეერთებულ შტატებში, 40 ქართველი ბიზნესმენის, 20-ზე მეტი კომპანიის, ქართული კომპანიებისგან შემდგარი დელეგაციის თანხლებით, რათა ისაუბრონ შეერთებულ შტატებში ბიზნეს კავშირებსა და ინვესტიციებზე. შეხვედრა შედგება შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანთან, შეხვედრა იქნება თეთრ სახლში, მე ამას ვაკეთებ ჩვენი ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად.

მჯერა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირები აბსოლუტურად აუცილებელია. გუშინ საღამოს შევხვდი ამ კომპანიების წარმომადგენლებს, რომლებიც ემზადებიან წასასვლელად და შეერთებულ შტატებში თანამოსაუბრეებთან ამ მართლაც შესანიშნავი შეხვედრების გამოსაყენებლად. ვფიქრობ, ამას რეალური ინვესტიცია მოჰყვება ორივე მხარეს მეტი ინვესტიცია აქ შეერთებული შტატების კომპანიების მიერ და მეტი ინვესტიცია შეერთებულ შტატებში", - განაცხადა მან.

ელჩმა, ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და გაკვირვება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რადგან ანაკლიის მშენებლობა ჩინურ კომპანიას ჩააბარეს.

"ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს", - ამბობს ელჩი.

მან ასევე აღნიშნა, რომ CCCC-ის, კომპანია რომელიც ანაკლიის პორტს საქართველოს მთავრობასთან ერთად ააშენებს კარგი რეპუტაცია არ აქვს.

"რაც შეეხება ანაკლიას, CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტი დღეს. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა. შემდეგი კითხვაა მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად.

2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99-წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ", - განაცხადა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები