ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ, აცრილი მოქალაქებიისთვის ბენეფიტების დაწესების შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების შემსუბუქებაზე მხოლოდ მოსახლეობის გარკვეული პროცენტის ვაქცინაციის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუმცა ამით მოქალაქეების დიფერენცირება არ მოხდება.
„დღეისათვის ორჯერადად 27 722 ადამიანი აცრილი. ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს და მოცვა აქტიურად გაიზრდება. რაც შეეხება ბენეფიტებს - დამატებით სარგებელს, აქ მთავარი სარგებელი ჯანმრთელობის რისკების შემცირებას უკავშირდება. გარკვეული ინსენტივები ზოგიერთ ქვეყანაში მოქმედებს, მაგალითად, პირბადის ტარების ვალდებულებისგან განთავისუფლება და ა.შ. მაგრამ აქაც მთავრია, რომ ჩვენ ვაქცინებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა გვქონდეს.
როგორც ვხედავთ, ვაქცინებზე მოთხოვნა მიწოდების შესაძლებლობებს აღემატება, ამიტომ როდესაც მასიური ვაქცინაცია დაიწყება და ჩვენ მოსახლეობის გარკვეული პროცენტის აცრას მივიღებთ, ამ შემთხვევაში კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობა თავისთავად არადიფერენცირებული მიდგომის რეჟიმში დადგება და ამ სარგებლის გაზიარების შესაძლებლობა ყველას ექნება. ამ კუთხით რთულია ინდივიდუალური ბენეფიტების დაწესება და შემდეგ ამის მართვა, მაგრამ მეორე მხრივ, ის, რომ უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო როგორც ტურიზმის მხრივ, ასევე სამედიცინო დაწესებულებაში, ეს არის სარგებელი, რომლის დანახვის შესაძლებლობა მოსახლეობას, ტურიზმს ექნებათ. შემდეგ მათ თავად შეუძლიათ გააკეთონ არჩევანი უსაფრთხო და ნაკლებად უსაფრთხო გარემოს შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




























