ვაქცინაციის კუთხით ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო, გაკეთდა, - ასე პასუხობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, აღიარებს თუ არა მთავრობა, რომ ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს.
„ვაქცინაციის გეგმის თანახმად, მასობრივი ვაქცინაცია უნდა დაწყებულიყო მესამე კვარტლიდან, რაც ასეც მოხდება. გამომდინარე გლობალური მოწოდების პრობლემებიდან და მთელი რიგი ბაზრის კვლევებიდან, მოლოდინი არც გვქონდა, რომ მარტ-აპრილში დავიწყებდით მასობრივ ვაქცინაციას. ჩემი შეფასებით, ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო ქვეყნის დონეზე, ვაქცინების მობილიზების კუთხით, გაკეთდა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. თუმცა ამ ფონზე, რამდენად არის შეფერხება ის, რომ მეორე დოზაზე დარეგისტრირებულ მოქალაქეებს ჯავშანი გაუუქმდათ, გაბუნია პასუხობს: „ეს ხარვეზია და მისაღები არ არის, რომ მოქალაქე, რომელიც აცრის ცენტრში მიდის, ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ დოზას, უნდა მოხდეს მაქსიმალური გადაზღვევა“.
რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ საკითხს და ვაქცინების დანაკარგს, მინისტრის მოადგილის განმარტებით, აიცრებიან ის ადამიანები, ვისაც პირველიდან მეორე აცრამდე ექნება 10-12 კვირიანი შუალედი. „ვფიქრობთ, ეს საკითხი მოგვარდება, რადგან ველოდებით კიდევ დამატებით დოზებს უახლოეს მომავალში“, - ამბობს გაბუნია.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილემ „ასტრაზენეკას“ დანაკარგთან დაკავშირებით კიდევე რთი განმარტება გააკეთა:
„კოვაქსის“ პლატფორმიდან ქვეყანამ შეისყიდა „ასტრაზენეკას“ 129 ათასი დოზა ვაქცინა, მათგან 86 ათასი დოზა მივიღეთ დადგენილ ვადებში, ხოლო დარჩენილ 43 ათასს ველოდით მაისის დასაწყისიდან, თუმცა ეს გადავადდა. ველოდით ასევე 22 ივნისს, რაც კიდევ გადავადდა. დოზებს რაც შეეხება, საუბარი იყო იმაზე, რომ დოზები სადღაც დაიკარგა, გაქრა - ეს ყველაფერი არის სიტუაციის უტრირებული აღწერა.
დოზის დანაკარგი არის ტექნიკური ტერმინი ვაქცინაციის პროცესში და პროგნოზული დანაკარგი გეგმაში არის 15%. „ასტრაზენეკას“ ფლაკონები არის 10-დოზიანი, სწორედ ამიტომ ყველაზე მაღალი დანაკარგი, 3% მოხდა სწორედ ამ ვაქცინის შემთხვევაში, რაც არის სწორედ პროგნოზულ მაჩვენებელთან და სხვა საერთაშორისო პრაქტიკასთან შედარებით საკმაოდ დაბალი. რაც შეეხება „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ დოზებს, დანაკარგი არის ნულის ტოლი, ხოლო „ფაიზერის“ შემთხვევაში 0,3%-ია, რაც მექანიკურ დაზიანებას უკავშირდება.
ეს არის მიმდინარე, ჩვეულებრივი ფაქტორი ვაქცინაციის პროგრამაში. აქ რაც მოხდა, ხარვეზი და რასაც აუდიტის სამსახურში სწავლობს, არ გვინდა მომავალში განმეორდეს, როცა ვაქცინაციის მასშტაბი იქნება ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, ყოველდღიური მიწოდების პროცესში არ უნდა შეფერხდეს ვაქცინის გადაცემა ყოველდღიურად, ვაქცინის მიმწოდებელი ორგანიზაციისთვის. ეს ხარვეზი გამოვლინდა პირველ რიგში და აუდიტი შეისწავლის ყველა რგოლის საკითხს, რომ ლოჯისტიკის ჯაჭვში მსგავსი პრობლემები არ შეიქმნას“, - განაცხადა გაბუნიამ.




























