ვაქცინაციის წახალისებისთვის სოფლად სპეციფიკური ღონისძიებების ამოქმედება განიხილება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვაქცინაციის ტემპის გააქტიურებისთვის წახალისების სხვადასხვა მექანიზმთან ერთად, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის წამახალისებელი "სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებები" განიხილება.
ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და განმარტა, რომ "ეს წახალისება არამონეტარული იქნება".
„<სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისთვის> სპეციფიკური წამახალისებელი ღონისძიებები განიხილება, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთანაა დაკავშირებული“, - განაცხადა NCDC-ის ხელმძღვანელმა.
bm.ge ეცდება, ვაქცინაციის წახალისების ახალ ინსტრუმენტზე მეტი ინფორმაცია მოიპოვოს.
ცნობისთვის: ვაქცინაციის წახალისებისთვის „ვაქცინაციის მარათონი“ 15 ოქტომბერს შიდა ქართლის რეგიონიდან დაიწყება და ყოველკვირეულად გაიმართება. ამასთან, როგორც გასულ კვირას დაანონსდა, სოფლად მომუშავე ექიმები ასაკოვანი პირების აცრაზე დათანხმების შემთხვევაში ფინანსურ წახალისებასაც მიიღებენ.
აცრების რაოდენობის გაზრდის მიზნით, უკვე რამდენიმე კვირაა, მთავრობის გადაწყვეტილებით, "ვაქცინაციის ლატარიაც" იმართება, რომლის ფარგლებში ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და წლის ბოლოს ფინანსური პრიზები თამაშდება.
ამ დროისთვის სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 30.8%.
საფონდო ბირჟები