დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინების მრავალფეროვნება ვაქცინაციის პროცესის გაფართოებას ხელს შეუწყობს. ამის შესახებ მან ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ 100 000 დოზის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი შეფასებით, კოვიდთან ბრძოლის არეალი და იარაღი უფრო ფართოვდება, რადგან ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ და Pfizer-ის ვაქცინების შემდეგ, მესამე - ახლა უკვე ჩინური კომპანია „სინოფარმის“ მიერ წარმოებული ვაქცინა შემოვიდა.
„პანდემიის და ჩვენს ქვეყანაში ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის. ამის საუკეთესო მაგალითები ის ქვეყნებია, სადაც ვაქცინაცია უკვე ფართო მასშტაბით მიმდინარეობს და მოსახლეობის 25% უკვე აცრილია - ისრაელი, დიდი ბრიტანეთ და კიდევ რამდენიმე ქვეყანა, სადაც სიკვდილიანობამ და მძიმე შემთხვევების რიცხვმა რადიკალურად იკლო. დღეს დიდ ბრიტანეთში სიკვდილიანობა მინიმალურ მაჩვენებელზეა, რადგან იქ ვაქცინაციის პროცესი ფართოდ მიმდინარეობს, ერთი დოზით უკვე მოსახლეობის თითქმის 50%-ია აცრილი. ამიტომ ჩვენც დღეს ვაქცინის 100 000 დოზის მიღებით საშუალება გვეძლევა, პროცესი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მასობრივი ვაქცინაცია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, „სინოფარმის“ ვაქცინთ უკვე მილიონობით ადამიანი აიცრა. "ჩინეთის გარდა "სინოფარმი“ ძალიან ფართოდ გამოიყენება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ასევე ის სამხრეთ ამერიკის რამდენიმე ქვეყანას აქვს ნაყიდი - ბრაზილიას და ჩილეს, ევროპის ქვეყნებიდან კი - უნგრეთსა და სერბეთს. "სინოფარმს", დაახლოებით, 40-მდე ქვეყნის ავტორიზაცია აქვს", - თქვა გამყრელიძემ.
მან ჩინური წარმოების მეორე ვაქცინაზე „სინოვაკზეც“ ისაუბრა, რომელიც ჩინეთის მთავრობამ საქართველოს უსასყიდლოდ უნდა გადასცეს და აღნიშნა, რომ „ჩინეთს დღეს 5 -მდე ვაქცინა აქვს, საიდანაც ფართოდ „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ გამოიყენება.
"ჩინეთის მთავრობა საქართველოს უსასყიდლოდ გადასცემს "სინოვაკის" ვაქცინას, რომელიც ძალიან ფართოდ გამოიყენება თურქეთში, სადაც უკვე 15 მლნ დოზა გამოიყენეს და აზერბაიჯანში, სადაც 0.5 მლნ დოზაა გამოყენებული. ორივე ვაქცინა წარდგენილია ჯანმოს ავტორიზაციაზე და, დიდი ალბათობით, ისინი აპრილის შუა რიცხვებში მიიღებენ ავტორიზაციას“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.




























