მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვარდნა შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს, თუ პოლიტიკური ტურბულენტურობა ეკონომიკურში გადაიზრდება - ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის შეფასებით, ქვეყანაში პოლიტიკური ტურბულენტობა ართულებს ბიზნესის კეთებას და გადაწყვეტილების მიღებას ინვესტორებისთვის, რასაც პოტენციურად მრავალი უარყოფითი შედეგი შეიძლება ჰქონდეს. ამის შესახებ გიორგი ხიშტოვანმა BMG-სთან პოლიტიკური არასტაბილურობიდან გამომდინარე ქვეყანაში ეკონომიკის მიმართულებით არსებულ რისკებზე საუბრისას აღნიშნა.

გაცვლითი კურსზე მყისიერი ეფექტის და ინფლაციური რისკების გარდა, ხიშტოვანი ეკონომიკურ ზრდაზე შესაძლო უარყოფით გავლენას გამოყოფს.

“მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რაც ძალიან კარგია, უბრალოდ, მაღალი ეკონომიკური ზრდიდან ვარდნა შეიძლება იყოს ძალიან მტკივნეული იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში პოლიტიკური ტურბულენტურობა გადაიზრდება ეკონომიკურ ტურბულენტურობაში. მაგალითისთვის, დღეს საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი არის მშენებლობის სექტორი. თუ დავუშვებთ, რომ მშენებლობის და უძრავი ქონების სექტორში კრიზისი იქნება, ეს შეეხება ყველას და სერიოზულ მყისიერ ეფექტს მოახდენს ეკონომიკაზე",- თქვა გიორგი ხიშტოვანმა.

კითხვაზე, რამდენად იკვეთება მსგავსი კრიზისის ნიშნები, ხიშტოვანმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ მოთხოვნის დინამიკას.

“ვიცით, რომ ასეთ პერიოდში მოსახლეობის და ბიზნესების დიდი ნაწილი თავს იკავებს ინვესტირებისგან, მოხმარებისგან, უფრო დაკავებულია დანაზოგების შექმნით, რაც თავისთავად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ ამ დინამიკას. თუ მაგალითად მშენებლობის სექტორში ვხედავთ, რომ ძალიან აქტიურია ბაზარი, მაგრამ თუ მოთხოვნის ნაწილში ბაზარი ჩავარდა, ამას მყისიერი უარყოფითი შედეგები შეიძლება ჰქონდეს. დაფიქრება სჭირდება ინფლაციის განაკვეთს, რომელიც ჯერჯერობით ახლოს არ მიზნობრივთან, მაგრამ ზრდით გამოირჩევა. აქ საინტერესოა დავაკვირდეთ რა რეაქცია ექნება ეროვნულ ბანკს. დაანონსებული ჰქონდა, რომ დაბალი ინფლაციის პირობებში გააგრძელებდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კლებას. აქ საინტერესოა რა დინამიკა გვექნება. ასევე, მნიშვნელოვანია FDI-ის შევხედოთ, რომელიც მცირდება. ვიცით, რომ FDI-ში დიდი წილი რეინვესტირებას ჰქონდა. თუ კომპანიებმა დაკარგეს ნდობა ქართული ეკონომიკის, რეინვესტირებასაც შეანელებენ. საპენსიო კანონში ცვლილება კარგი მაგალითი იყო, რომ თავად მთავრობას არ გააჩნია მოლოდინი, რომ მსხვილ პროექტებს დასავლური კაპიტალი დააფინანსებს და უკვე ღიად ფიქრობს, რომ ადგილობრივი პროექტების დაფინანსება განხორციელდეს საპენსიო ფონდის მხრიდან”,- განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის თქმით, თუ საქართველოში არ ჩატარდება სამართლიანი არჩევნები, მაღალი რისკია, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დიდ წნეხში აღმოჩნდეს და სანქციების მასშტაბი გაიზარდოს.

„კრიტიკული იქნება ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს შენარჩუნება. ამაზე პასუხისმგებელი მთავრობაა. ჯერჯერობით, ის ამით არ გამოირჩევა და იმედია, ეს სიტუაცია შეიცვლება“, - აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები