PMC კვლევითი ცენტრის დირექტორის განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ბიზნესსა და მოსახლეობაში მოლოდინები გაუარესებულია.
როგორც გიორგი ხიშტოვანმა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ბიზნესკლიმატის გაუარესებაა მოსალოდნელი.
მისი თქმით, ეს ყველაფერი მომავალში საქართველოში ინვესტიციებს შეაფერხებს, რაც საბოლოოდ ეკონომიკური ზრდის ტემპზეც უარყოფითად აისახება.
„მდგომარეობა გვაქვს, როდესაც ქვეყნის ზოგადი ეკონომიკური მონაცემები პოზიტიურია, თუმცა რისკები მკვეთრადაა გაზრდილი და მოსახლეობასა და ბიზნესში მოლოდინები უფრო უარესია, ვიდრე პირობითად, სამი თვის წინ იყო. მაგალითად, ავიღოთ სამშენებლო ბაზარი, ჩვენ ვხედავთ მნიშვნელოვან აქტივობებს სამშენებლო სექტორში. თუმცა უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და შესყიდვები შემცირებულია. ერთი მხრივ, სამშენებლო კომპანიების ბრუნვები გვაძლევს მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მაგრამ უძრავი ქონების ბაზარზე მხოლოდ მშენებლობა არაა საკმარისი და მდგრადობისთვის აუცილებელია, რომ მოთხოვნა მაღალი იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ მოლოდინები მნიშვნელოვნად გაუარესებულია, ზუსტადაც რისკის ქვეშ დგება ამ მაღალი ეკონომიკური ზრდის გრძელვადიანი მდგრადობა.
ვფიქრობ, არსებული პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ბიზნესის განწყობა შემცირებულია, ეს ითარგმნება იმაში, რომ ახალი ინვესტიციების განხორციელება ბევრად უფრო სარისკო იქნება, ბევრად უფრო ფრთხილი იქნება ბიზნესი ინვესტიციების განხორციელებისას, რაც თავისთავად, დროთა განმავლობაში ეკონომიკური ზრდის შენელებას გამოიწვევს.
ჩვენ გვახსოვს, როდესაც წლის დასაწყისი ეკონომიკურ ჭრილში ძალიან პოზიტიური იყო. ამის ერთ-ერთი ამხსნელი ფაქტორი სწორედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუტის მიღება იყო. თუმცა დღეს ახალი რეალობა გვაქვს. როდესაც საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ჩვენი ევროპელი პარტნიორები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ეს პროცესი გაყინული და შეჩერებულია. შესაბამისად, ამ პერსპექტივის დაკარგვა თავისთავად გააუარესებს საქართველოში ბიზნესკლიმატსაც“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.