ვარშავის ახალ მეტროსადგურში "ექსპრეს" ბიბლიოთეკა მოეწყო, რაც მიზნად ისახავს მგზავრებს სმარტფონებზე უარი ათქმევინოს და წიგნებსა და, ინტერიერში ინტეგრირებული მცენარეების წყალობით, ქალაქის გამწვანებაზეც კი იფიქრონ.
"მეტროთეკა" პოლონეთის დედაქალაქის ტარგოვეკის რაიონში, Kondratowicza M2 მეტროს ხაზზე გაიხსნა და ზრდასრულებისა და ბავშვებისთვის ორ საკითხავ სივრცეს აერთიანებს. გათვალისწინებულია სივრცე საჯარო კითხვისა და სხვა ღონისძიებებისთვისაც.
150 მ²-იანი ბიბლიოთეკა 16 ათასამდე წიგნს იტევს, რომელთა გატანაც მგზავრებს ექსპრეს სალაროს დახმარებით, სპეციალური უკონტაქტო ჩიპების გატარებით შეეძლებათ. წიგნების დაბრუნება კი როგორც ბიბლიოთეკაში, ასევე სპეციალურ ჯიხურებში იქნება შესაძლებელი, რომლებიც ვარშავის ქუჩებში განთავსდება და 24/7-ზე ხელმისაწვდომი იქნება.
მეტროშივე ვხვდებით ჰიდროპონიკურ ბაღს, რომელიც ბუნებრივი მზის სხივების ან ნიადაგის გარეშე ყვავილობს და, სხვა მცენარეებთან ერთად, მწვანილის მოყვანის საშუალებასაც იძლევა.
„ჩვენი ოცნებაა, რომ მეტროთეკა საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრი გახდეს და არა მხოლოდ ადგილი, საიდანაც წიგნების სესხებას შეძლებთ“, - ამბობს ტარგვეკის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე, გრაჟინა სტრჟელჩაკ-ბატკოვსკა.
ბიბლიოთეკის გახსნის პირველივე დღეს მგზავრებმა 400-მდე წიგნი ითხოვეს. მეტროთეკის მიზანია, პოლონელების მიერ წიგნის კითხვა წაახალისოს. ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, 2024 წელს გამოკითხულთა მხოლოდ 41%-მა წაიკითხა ერთი წიგნი მაინც, რაც 1990-2000-იან წლებთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია - ეს რიცხვები სამხრეთ ევროპაში არსებულ მაჩვენებელზე მაღალია , თუმცა უფრო დაბალია, ვიდრე სკანდინავიურ ქვეყნებში ან თუნდაც მეზობელ ჩეხეთში.
ინფორმაციისთვის, ბიბლიოთეკა სამუშაო დღეებში 10-დან 19 საათამდე მუშაობს და ტარგოვეკის საჯარო ბიბლიოთეკის, ტარგოვეკის რაიონული საბჭოსა და საბჭოსა და ვარშავის მეტროპოლიტენის ორგანოს თანამშრომლობის შედეგია. ინტერიერის სრული დიზაინი და აღჭურვა, მათ შორის ჩაშენებულ ავეჯი, განათება, საზოგადოებრივი სივრცის ავეჯი, ასევე ქოთნები და ხელოვნური გამწვანება zł772 350 პოლონური ზლოტი დაჯდა, სივრცე კი მეტროპოლიტენმა უფასოდ გამოყო.




























