მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვაშინგტონი ბრიუსელს AI ჩიპების გლობალურ ალიანსში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

ჯეიკობ ჰელბერგი

ეკონომიკური ზრდის, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიკობ ჰელბერგმა განაცხადა, რომ ქვეყანამ ევროკავშირზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს, რათა ბლოკი ამერიკის მიერ ინიციირებულ ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების კლუბს შეუერთდეს.

საუბარია პროექტზე Pax Silica, რომელიც გასული წლის დეკემბერში ვაშინგტონის ეგიდით ჩამოყალიბდა და მიზნად ტექნოლოგიურ სფეროში ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას, ასევე აზიური გიგანტის შეკავებას ისახავს. ალიანსის მთავარი ამოცანა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის საჭირო კრიტიკული მინერალების, ჩიპებისა და ენერგორესურსების მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

როგორც ირკვევა, ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამჟამად ბრიუსელში იმყოფება, სადაც ის ევროპული ტურნეს ფარგლებში შეხვედრებს სწორედ აღნიშნულ თემაზე მართავს. მან სოციალურ ქსელ X-ში ევროკავშირის მიდგომა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბრიუსელი ზედმეტი რეგულაციებით საკუთარ თავს ტექნოლოგიური პროგრესის მიღმა ტოვებს. მისი თქმით, ხელოვნური ინტელექტის შესახებ ევროპული კანონმდებლობა და სხვა ციფრული რეგულაციები "ინოვაციებს კლავს”. მაღალჩინოსანი ევროპულ რეგულაციებს ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ მიმართულ უსამართლო ბარიერებად განიხილავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ Pax Silica-ს დეკლარაციას ინდივიდუალურად უკვე შეუერთდნენ შვედეთი და საბერძნეთი. რაც შეეხება ნიდერლანდებს, სადაც ნახევარგამტარების გიგანტი ASML-ი მდებარეობს, ქვეყანამ დამფუძნებელ სამიტში მონაწილეობა მიიღო, თუმცა დოკუმენტზე ხელმოწერისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები