მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლის ბაღის გაშენებაში 26 000 ლარის ინვესტიცია ჩავდეთ, თუმცა რეალიზაცია გვიჭირს - ფერმერი

626033b9bfb6c
ალა ისპირიანი
20.04.22 22:32
1175
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოში ყანდორელაშვილების ოჯახმა, ვაშლის ბაღის გაშენებაში 26 000 ლარის ინვესტირება განახორციელა, საიდანაც 5 000 ლარი „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში მიიღეს.

როგორც ფერმერი მარიკა ყანდორელაშვილი Bm.ge-სთან განმარტავს, ვაშლის ახალი ბაღი 2018 წელს გააშენეს და დიდ მოსავალს ამ ზაფხულს ელიან, თუმცა მისთვის ბუნდოვანია სად და რა ფასად მოახერხებენ ვაშლის რეალიზაციას.

„4.5 ჰექტარი ვაშლის ბაღი გვაქვს და აქამდე მხოლოდ ადგილობრივი ჯიშის ვაშლს, კეხურას და ბანანს ვაწარმოებდით. კიდევ გავაშენეთ ვაშლის სხვადასხვა სახეობა, კერძოდ, გოლდენი, მწვანე ვაშლი და რედკაპი. ყოველ წელს 10 ტონა ვაშლს ვაწარმოებდით, თუმცა 2-3 წელიწადში 20 ტონამდე მოსავალს მივიღებთ. ახალი ბაღი „დანერგე მომავლის“ პროგრამის ფარგლებში გავაკეთეთ, რომლის მთლიანი ინვესტიცია 26 000 ლარი იყო, სახელმწიფოს მხრიდან დახმარება 5 000 მივიღეთ, თუმცა რეალიზება გვიჭირს.

წელს ახალგაშენებული ბაღიდანაც დიდ მოსავალს ველოდებით, მაგრამ რეალიზაცია სად უნდა მოხდეს, არ ვიცით. მაგალითად, კეხურას და ბანანს რეგიონში, ადგილობრივ ბაზაეზე ვყიდით და ახლა ძალიან დაბალ ფასად 80 თეთრად იყიდება, როცა გასულ წელს 1 ლარად ვყიდდით. ამით გადამყიდველები სარგებლობენ, რომლებსაც დედაქალაქში ჩააქვთ ჩვენი ვაშლი და იქ ძვირად ყიდიან. კარგია იმის საშუალება გვქონდეს, რომ მაღაზიების ქსელში შევიტანოთ ჩვენი პროდუქცია, მაგრამ ეს რატომღაც ვერ ხერხდება“, - განაცხადა მარიკა ყანდორელაშვილმა.

როგორც ფერმერი განმარტავს, მათ დიდი პრობლემები საწვავსა და შხამ-ქიმიკატებზე მომატებულმა ფასებმაც შეუქმნა.

„უდიდესი შრომა გაქვს ჩადებული. სახელმწიფოც დაგვეხმარა იაფი კრედიტებით და მადლობლები ვართ, მაგრამ მოგვიკითხონ რას ვაკეთებთ, გავზარდეთ წარმოება თუ არა, რა გვიჭირს რა ბარიერებს წავაწყდით. პრობლემაა ისიც რომ ყველაფერი გაძვირდა, მაგალითად საწვავი 4 ლარია, აზოტი 75 ლარი, შხამ-ქიმიკატებში 3-ჯერ მეტ თანხას ვიხდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ძვირდება ვაშლის ფასი არ იმატებს.

სეზონურად 5 ადამიანს ვასაქმებ და იმის გამო, რომ პროდუქტის ფასმა მოიმატა, მუშის ფასიც გაიზარდა. თუ აქამდე მათ შრომაში დღიურად 30 ლარს ვუხდიდით, ახლა თანხა 45-დან 70 ლარამდე გაიზარდა და ამ დროს ჩვენი წარმოებული პროდუქტი შარშანდელთან შედარებით უფრო იაფად გაიყიდა. მცირემიწიანი ფერმერების სუბსიდირების პროგრამითაც ვერ ვსარგებლობთ, რადგან 5 ჰექტრამდე მიწა მაქვს. რატომ არ ფიქრობენ, რომ 5 ჰექტრიანებსაც უნდათ დახმარება და მცირე მიწიანებსაც “, - აღნიშნავს ფერმერი. 

ცნობისთვის, მთავრობა მცირემიწიანი ფერმერების სუბსიდირების პროგრამას იწყებს. მინისტრთა კაბინეტმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მქონე ფერმერთა მხარდაჭერის პროგრამა უკვე დაამტკიცა. სუბსიდიის მოცულობა ერთ ჰექტარზე 300 ლარი იქნება და მას 0.25-1.25 ჰექტარი მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები მიღებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები