„კულას“ დამფუძნებელი ივანე გოგლიძე აცხადებს, რომ დღეისთვის სუბსიდირების პროგრამა ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის გაყიდვაში და ვაშლის მოყვანისთვის გაწეული ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებაში ეხმარება. ვაშლის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა გორის საკონსერვო ქარხნის კულას დირექტორმა BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში შეაფასა.
მისი ინფორმაციით, „კულა“ წელს სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში 30 000 ტონა ვაშლის ჩაბარებას გეგმავს, რაც ზოგადად მოსალოდნელი მოსავლის ნახევარზე მეტია.
#რედაქტ2-ის კითხვას როგორია პროგრამის მონაწილე კომპანიის ხელმძღვანელის შეფასება ბიზნესისთვის და ფერმერისთვის ეს პროგრამა უფრო შესაძლებლობაა თუ “დათვური სამსახური”, ბიძზნესმენი პასუხობს, რომ სუბსიდირების მომხრე არაა, თუმცა დღეს ეს რესურსი დარგს სჭირდება.
„რა თქმა უნდა, სუბსიდირება არც კომპანიას და არც სახელმწიფოს არ უხარია. კომპანიამ ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს, აქ უნდა იყოს მონიტორინგის სამსახური, სახელმწიფო მოხელეები მხოლოდ გარკვეული საათების განმავლობაში მუშაობენ, კერძო სექტორში სამუშაო დღის წესრიგი სხვანაირია და ა.შ. სახელმწიფოსაც არ უხარია ზედმეტი ფულის გადახდა, მაგრამ ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობა ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ შიდა ქართლში არასტანდარტული ვაშლის მოსავალი ყოველწლიურად მცირდება. ხარისხი მატულობს იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ახალი ბაღი გაშენდა, თანამედროვე ტექნოლოგიები აღჭურვილი. თუ 2 წლის წინ 75 000 ტონა ვაშლი გადამუშავდა, წელს ალბათ 45 000 ტონა ვაშლი გადამუშავდება. ვაშლის ძირითადი მოსავალი ხარისხიანი ვაშლია. არასტანდარტული ვაშლის რეალიზება გლეხს ეხმარება იმ დანახარჯების ნაწილობრივ ამოღებაში, რომელიც მან გასწია“, - განმარტა ივანე გოგლიძემ.
„კულას“ დამფუძნებელი თვლის, რომ სუბსიდირების პროგრამით სახელმწიფოს მიერ ფასის დადგენა კი არა, არამედ უფრო ფერმერების ხელშეწყობა ხდება. ივანე გოგლიძე აღნიშნავს, რომ ვაშლის სუბსიდირების პრაქტიკა ევროპის ქვეყნებშიც არსებობს.
„სახელმწიფო სუბსიდირების პროექტისთვის აკეთებს კვლევას, რა დროსაც უყურებს რა ღირს ვაშლის კონცენტრირებული წვენი საერთაშორისო ბაზარზე. ადრე 1 კგ ვაშლის ღირებულება 20 თეთრი, შემდეგ 22 თეთრი იყო, ხოლო წელს 25 თეთრია. თუ სახელმწიფო ამ პროცესს გამოეთიშება, ჩვენ ჩავიბარებთ ვაშლს 15 თეთრად. ფერმერს ამ ფასად ვაშლის მოგროვება და ჩვენამდე მოტანა არ უღირს. ჩამოცვენილი ვაშლი არამხოლოდ დალპება, არამედ ნიადაგსაც გააფუჭებს და მომავალი წლის მოსავალი ისეთი აღარ იქნება, როგორიც უნდა იყოს. ანუ სახელმწიფო ეხმარება ფერმერს ეს ვაშლი ჩაგვაბაროს და ჩვენ გადავამუშავოთ.
ვაშლის სუბსიდირების პროგრამა არსებობს იტალიაშიც, პოლონეთშიც, რომელიც ევროპაში ვაშლის გადამუშავების კუთხით ლიდერია. იმ სფეროში ეხმარებიან, სადაც საჭიროა.
რაღაც პერიოდში ალბათ გავა სახელმწიფო და დავრჩებით ჩვენ. სახელმწიფო ვაშლს მხოლოდ იმ პერიოდში ასუბსიდირებს, როდესაც მოსავალი ბევრია, თორემ მე ვაშლს დეკემბერსა და თებერვალშიც ვიბარებ და მაშინ 40-50 თეთრს ვიხდით. მაგრამ ახლა როდესაც ვაშლი ბევრი და რომ არ დარჩეს ამაში ეხმარება ფერმერებს სახელმწიფო, თორემ ყოველთვის არ უნდა იყოს, რაღაც პერიოდში უნდა გამოვიდეთ“, - განაცხადა „კულას“ დამფუძნებელმა.
ცნობისთვის: მიმდინარე წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მთავრობა 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოსგან სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2024 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდიან.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გადამუშავდა 21,768 ტონა ვაშლი, რომლის მთლიანმა ღირებულებამ 6,8 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სახელმწიფომ სუბსიდიის სახით 2.2 მილიონი ლარი გასცა.