საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, 4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი "მოამბის" წამყვანი აღარ არის.
ზურაბიშვილის შეფასებით, ეს ცენზურის კიდევ ერთი მაგალითია.
"საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის "მოამბის" წამყვანობის შეჩერებაზე, ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს",- დაწერა სალომე ზურაბიშვილმა X-ზე.
4 თებერვლიდან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი "მოამბის" წამყვანი აღარ არის. როგორც ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში დაწერა, ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ის, რომ მისმა ორმა პროდიუსერმა, დღეს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე უარი განაცხადა მასთან მუშაობაზე.
არხის მიერ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ სიტუაციის ნორმალიზებამდე მას "აღარ ევალება მოამბის წაყვანა".




























