მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ვატიკანის ბანკმა ეთიკური საფონდო ინდექსი შექმნა

ვატიკანი

ვატიკანის ბანკმა საინვესტიციო სამყაროში შეაბიჯა და ორი ახალი, კათოლიკურ პრინციპებზე დაფუძნებული აქციების ინდექსი წარადგინა.

ბანკის განცხადებით, ინიციატივა მიზნად ისახავს ფინანსური სექტორის მორალურ და ეთიკურ ღირებულებებთან შესაბამისობას, რაც პაპი ფრანცისკეს მიერ არაერთხელ გაჟღერებული ხედვის, „ეთიკური ეკონომიკის“ ნაწილია.

ინდექსები მოიცავენ ისეთ კომპანიებს, რომლებიც პატივს სცემენ ადამიანის უფლებებს, გარემოს და სოციალურ სამართლიანობას. პირველი ინდექსი ფოკუსირებულია განვითარებულ ბაზრებზე, ხოლო მეორე გლობალურ კომპანიებს აერთიანებს, თუმცა ორივე მათგანი მკაცრად ფილტრავს საინვესტიციო სუბიექტების ESG-პოლიტიკას.

საინვესტიციო პორტფელიდან ავტომატურად გამოირიცხება ისეთი კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულები არიან იარაღის წარმოებასთან, აზარტულ თამაშებთან, აბორტის სერვისებთან, კონტრაცეფციასთან, არაეთიკურ სამუშაო პირობებთან ან გარემოს მიზანმიმართულ დაბინძურებასთან.

ბანკის ხელმძღვანელობის განცხადებით, ფინანსური კეთილდღეობისაკენ სწრაფვა და ქრისტიანული ეთიკა ერთმანეთთან თავსებადია, ამიტომ ინვესტორებს უნდა ჰქონდეთ ისეთ საფონდო ინდექსში ინვესტირების საშუალება, რომელიც ეთიკურად და მორალურად სწორ მხარეს მყოფ კომპანიებს აფინანსებს.

როგორც ცნობილია, ვატიკანის ბანკს ტექნიკურ მხარდაჭერას Morningstar Investment Group-ი გაუწევს, რომელიც ჩიკაგოშია დაფუძნებული. თავად სახელწოდება Morningstar-ი ბიბლიური მნიშვნელობის მატარებელია და შეიძლება ეს ჰოლდინგი პარტნიორობისთვის სწორედ ამიტომ ყოფილიყო შერჩეული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები