მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვახტანგ ბუცხრიკიძე "პროგრეს ბანკის" საქმეზე პირველ განცხადებას აკეთებს

5db1c1ceba124
სალომე მეცხვარიშვილი
24.10.19 19:19
4590
"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტებას აკეთებს იმ აუდიტორულ დასკვნასთან დაკავშირებით, რომელზეც დღეს ტელეკომპანია “მთავარმა” გაავრცელა ინფორმაცია. ტელეკომპანიის ცნობით, მათ ხელში ჩაუვარდათ დოკუმენტი, რომელიც “პროგრეს ბანკთან” არის დაკავშირებული და შედგენილია საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Deloitte-ის მიერ იქამდე, სანამ თიბისი “პროგრეს ბანკს” შეიძენდა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტავს, რომ “მთავარი” არხის მიერ გავრცელებული დოკუმენტი არის ტექნიკური და კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან. ბუცხრიკიძე განმარტავს, რომ  “მთავარი არხის” მიერ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დოკუმენტი იპოვეს და ეროვნულ ბანკში გადააგზავნეს.

“ეს არის “დელოიტის” დოკუმენტი, რომელიც არის ტექნიკური დოკუმენტი და არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო აუდიტორულ დასკვნას.

ეს დოკუმენტი არის წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამოწმების ხელშეკრულება, შესაბამისად, ეს დოკუმენტი, როცა ვნახეთ დღეს, დღესვე გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

რამდენიმე კვირის წინ „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელი, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი მტკიცებით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა. ხაზარაძის თქმითვე, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას უთხრა, რომ თუ „პროგრეს ბანკსაც“ იყიდდა, იქნებ ეს საკითხიც გამოსულიყო, თუმცა "პროგრეს ბანკის" აუდიტორული შემოწმების შემდეგ ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

განცხადება გააკეთა კახა კალაძემაც:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია, - ამის შესახებ კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იტყუება და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ჩატარებულა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ „პროგრეს ბანკი“ 2007 წელს დააფუძნა; 2013 წელს კალაძემ ბანკის საკონტროლო პაკეტი - 78% ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას გადასცა, რომლის უკანაც ბიზნესმენი ილია გავრილოვი იდგა, ბანკის 22%-ის მფლობელი კი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. 2016 წელს „პროგრეს ბანკის“ აქციების ნაწილი მამუკა ხაზარაძემ „ბანკ რესპუბლიკასთან“ ერთად იყიდა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები