"მსოფლიო შეიცვლება და საქართველოს მოუწევს ამ როლის პოვნა ახალ რეალობაში", - ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, საქართველომ აქამდე გადასადგმელი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსური რესურსების მოძიებით და გამოყოფით უკვე გადადგა, ამის შემდეგ კი, მთავარი პანდემიის შემდეგ შექმნილ ახალ მსოფლიო რეალობაში ახალი როლის პოვნა იქნება.
„საერთაშორისო დონორებისგან უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტში მოზიდული 1.5 მლრდ დოლარი და ასევე, დონორებისგან მეორე 1.5 მლრდ დოლარი, რომლის ინექცია ქართული კომერციული ბანკების მიერ მოხდება მთლიანად ეკონომიკაში - ეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხაა ეკონომიკისთვის. თუ ავიღებთ 1.5 მლრდ დოლარს, ეს არის ჩვენი ეკონიმიკის 8-9% და ამას კიდევ 1.5 მლრდ-ს თუ დავამატებთ, დავინახავთ, რა მნიშვნელოვანია ეს მოცულობები. ამ თანხებს თუ პროცენტულად ამერიკის თუ ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების მიერ ეკონომიკაში გაკეთებულ ინექციებს შევადარებთ, ჩემი აზრით, საქართველო ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვანია. ანუ, ამ მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ ფინანსური რესურსები საკმაოდ მნიშვნელოვნად არის მობილიზებული.
ახლა მთავარია, საქართველომ იპოვოს თავისი ახალი მდგომარეობა, ამ ახალ რეალობაში. მსოფლიო შეიცვლება და საქართველოს მოუწევს ამ როლის პოვნა ახალ რეალობაში. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი ნაწილი - ფინანსური რესურსები უკვე მობილიზებულია, ახლა მთავარია, ამ თანხების მიმართვა სწორ არხებში“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.
ამასთან, ბანკირის აზრით, მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის განვითარება, მაგრამ ის არ უნდა იყოს 21-ე საუკუნეში ეკონომიკის შემადგენელი ძირითადი ნაწილი.
„უნდა გაკეთდეს აქცენტი ისეთ შიდა ინდუსტრიებზე, რომელიც უფრო შიდა მოხმარებაზე იქნება ორიენტირებული და იმპორტის ჩანაცვლებას გააკეთებს. მე, პირადად, ვფიქრობ, სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, მაგრამ 21-ე საუკუნეში ის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებას ვერ უზრუნველყოფს; უნდა გვქონდეს სოფლის მეურნეობა, მაგრამ ეს არ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის ძირითადი ნაწილი იყოს. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დღეს დასაქმების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში, მაგრამ აუცილებელი იქნება სხვა დარგების განვითარება და აქცენტის გაკეთება. არ არსებობს იმის ზუსტი ფორმულა, რომელი კონკრეტული დარგები უნდა განვითარდეს, ეს მსოფლიოშიც არავინ იცის, ჩვენ უნდა წავიდეთ ტესტირების მეთოდით. სხვადასხვა მიმართულებაში უნდა გაიტესტოს და დროთა განმავლობაში გამოჩნდება რა არის საუკეთესო და აქცენტებიც იქითკენ უნდა გაკეთდეს“, - აღნიშნა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.




























