ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელი ნიკა გილაური აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს და იზონაციონიზმის პოლიტიკიდან არ გამოვა, მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია.
ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სტუმრობისას განაცხადა, სადაც ბიზნესის წარმომადგენლები ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ.
ნიკა გილაური განმარტავს - რა ეკონომიკურ ზიანს აყენებს ქვეყანას მმართველი ძალის იზოლაციონიზმი. ის აღნიშნავს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყანა დასავლელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით არსებობდა, დღეს კი არავის უნდა ეგონოს, რომ დასავლეთის დაფინანსებას ჩინური და რუსული ფული ჩაანაცვლებს.
„მომავალ კვირას ჩვენ ძალიან დეტალურ პრეზენტაციას გავაკეთებთ 2025 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურ პროგნოზებთან დაკავშირებით. წინასწარი პროგნოზები, რომლის თქმის საშუალებაც მაქვს, ძალიან სავალალოა. თუ ეს ასე გაგრძელდა და ახალი არჩევნები არ ჩაინიშნა უახლოეს მომავალში, რეალურად ვდგავართ ეკონომიკური კოლაფსის წინ. ანუ თუ ეს სამთავრობო იზოლაცია დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაგრძელდა, თუ წამყვანი ქვეყნების მიერ არაღიარების პოლიტიკა გაგრძელდა, რეალურად საშიშროება გვაქვს ინვესტიციები მინიმუმის მინიმუმზე ჩამოვარდეს; გვაქვს საშიშროება, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გადმორიცხვები მინიმუმზე ჩამოვარდეს; საშიშროება გვაქვს, რომ ფულადი გზავნილები საგრძნობლად შემცირდეს, რაც იმას გამოიწვევს, რომ ქვეყანაში შემომავალი ვალუტა იმდენად შემცირდება, რომ ის ქვეყნის იმპორტზე და საგარეო ვალის მომსახურებაზე მოთხოვნას ვერ დააბალანსებს; პირველ რიგში, ჩვენ უდიდესი წნეხი გვექნება კურსზე და ვალუტა აუცილებლად გაიქცევა, გვექნება ფასების მნიშვნელოვანი ზრდა. ამ ფონზე იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ეროვნულმა ბანკმა გასული 2 თვის განმავლობაში საკმაოდ დიდი რეზერვები უკვე დახარჯა, ამან საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეიძლება შეგვიქმნას, განსაკუთრებით პირველი კვარტალის განმავლობაში. რადგან პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკისთვის შედარებით უფრო რთულია. ამ დროს ტურიზმიდან შემოსავლები მცირეა, ხოლო ენერგეტიკული გასავლები - გაზის და დენის იმპორტთან დაკავშირებით, მაქსიმუმზეა ასული. შესაბამისად, იმის მაგივრად, რომ ეროვნული ბანკი ამ ყველაზე კრიტიკულ პერიოდს მაქსიმალური რეზერვებით შეხვედროდა, ჩვენ პირიქით რეალობა გვაქვს, და ჩვენ გვაქვს სიტუაცია, სადაც დისბალანსი შეიძლება ძალიან დიდი გახდეს. რაც მთავარია, სავალუტო ფონდის პროგრამაც არ გვაქვს, რომელიც ასეთ სიტუაციებში გარკვეული რეზერვის და ბუფერის შემქმნელია.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩინური ამ რუსული ინვესტიციებით ჩანაცვლდება დასავლური ინვესტიციები ამ უახლოეს პერიოდში, ძალიან არარეალისტური მოლოდინები გააჩნია. ხაზგასასმელია, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში უცხოური ვალუტის შემოდინება ხდებოდა ამერიკიდან და ევროპიდან. ეს იყო საინვესტიციო ფონდები, ევროპული და ამერიკული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. ეს ფული მოაკლდება დღეს ქვეყანას, რომლის ჩამნაცვლებელი ვერ იქნება ვერც რუსული და ვერც ჩინური ფული. შესაბამისად, კოლაფსი გარდაუვალია უახლოეს 3-4 თვეში თუ ქმედითი ნაბიჯები არ იქნა გადადგმული და დასავლეთის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული“, - განაცხადა გილაურმა.