ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაცია (HRPA) დეკლარაციას ავრცელებს, რომელიც ეხმიანება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ხაზს უსვამს, რომ ასოციაცია სრულად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს.
დეკლარაციის ტექსტს BMG სრულად გთავაზობთ:
"ჩვენ, ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალთა ასოციაციის სენატი, პრეზიდენტი, აღმასრულებელი გუნდი, წევრი HR პროფესიონალები, როგორც კერძო, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორებიდან და წევრი კომპანიები, ასოციაციის მხარდამჭერი HR პროფესიონალების გუნდი, ვაფიქსირებთ ჩვენს ურყევ პოზიციას ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით!
ასოციაცია 2017 წლიდან, დღიდან მისი დაარსებისა, ვითარდებოდა და ქმნიდა უმნიშვნელოვანეს ღირებულებებს არა მხოლოდ წევრი HR პროფესიონალებისათვის, არამედ მთლიანად HR და ორგანიზაციული განვითარების სფეროში წარმოდგენილი პროფესიონალებისათვის, მთლიანი თემისათვის - სწორედ ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, კოლეგებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით, მათი მხარდაჭერითა და თანადგომით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენი ასოციაციის მთლიანი ორგანიზაციული მართვის სისტემა შემუშავდა ევროპელ ექსპერტებთან და ჩვენს ღირსეულ პარტნიორ - საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრთან | CIPE-თან თანამშრომლობით. ამ პროცესში ასოციაციების გაძლიერების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების მენტორობით და პარტნიორის დაფინანსებით მოხდა წევრობის უმნიშვნელოვანესი სისტემისა და ორგანიზაციული მოწყობის ჩამოყალიბება.
ასოციაციის მმართველობის სისტემის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ასოციაციების მართვის საერთაშორისო სტანდარტებთან და კარგი მმართველობის პრინციპებთან, ჩვენს პარტნიორთან - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან | USAID-თან ერთად მოხდა, სწორედ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით. დღეს ჩვენი ასოციაცია შეფასებულია და მინიჭებული აქვს ყველაზე მდგრადად განვითარებული ასოციაციის სტატუსი. ეს ვერ მოხდებოდა, რომ არა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები და მსოფლიო დონის ექსპერტების გამოცდილების გაზიარება.
საქართველოში პირველად გაჩნდა HR შესაბამისობის I HR Compliance სისტემა: პირველი სერტიფიცირებული HR შესაბამისობის პროფესიონალების გუნდი, პირველი სერტიფიცირების პროგრამა, პირველი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი და პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, ნებისმიერ სფეროში წარმოდგენილ ორგანიზაციებს, სრულად მოიყვანონ მათი HR პოლიტიკები, პროცედურები, ოპერაციები როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობასთან, ასევე ევროპულ და საერთაშორისო პრაქტიკებთან და გამოცდილებებთან შესაბამისობაში. ყოველივე ამის შედეგად მკვიდრდება დაცული, ღირსეული, ყველასათვის (როგორც დამსაქმებლებისათვის, ასევე დასაქმებულებისათვის) მისაღები გარემო, შრომის მაღალი სტანდარტები. ეს კი ნიშნავს რეალიზებულ, თავისუფალ, ბედნიერ ადამიანებს კომპანიებში, ეს ნიშნავს მაღალ პროდუქტიულობას, ორგანიზაციულ მდგრადობას და საქმიანობის საუკეთესო შედეგებს - მთლიანობაში კი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას. ეს სისტემა ეფუძნება შრომის საერთაშორისო სტანდარტებს, მასში ევროპული ღირებულებებია ინტეგრირებული და ყველაფერი ეს სწორედ ამერიკელ და ევროპელ ხალხთან და USAID-თან ერთად შეიქმნა.
არ შეგვიძლია არ გამოვყოთ, საქართველოში პირველი DEI - მრავალფეროვნების, ინკლუზიისა და თანასწორობის სახელმძღვანელო და ასევე საქართველოში პირველი სასერტიფიკატო პროგრამა, რომელიც ეხმარება HR პროფესიონალებს დაეუფლონ თანამედროვე DEI პრინციპებს და შეიტანონ ორგანიზაციულ/HR სისტემებში, რითაც მათ ორგანიზაციებს კიდევ უფრო მიმზიდველს, მდგრადს და თანამედროვეს ხდის, მასში დასაქმებულ ადამიანებს კი ღირსეულ შრომით გარემოს უქმნის. წლების განმავლობაში ამ მიმართულების მხარდაჭერას უმნიშვნელოვანესი სააგენტო გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია | UN Women Georgia ახორციელებს, ნორვეგიისა და დანიის მთავრობებთან პარტნიორობით, რომლის შედეგადაც ათეულობით HR პროფესიონალმა და კომპანიებში დასაქმებულმა ათასობით ადამიანმა მიიღო ღირებულება.
დიახ, ჩვენს ამერიკელ პარტნიორთან - USAID-თან თანამშრომლობით საქართველოში პირველი სერტიფიცირებული კარიერული კონსულტირების სრული სისტემა ჩამოყალიბდა: საქართველოში პირველად გაჩნდნენ სერტიფიცირებული კარიერული კონსულტანტები, სერტიფიცირების პროგრამა და კარიერული კონსულტირების მაღალი დონის სერვისი და პროდუქტი ხელმისაწვდომი გახდა სკოლის მოსწავლეებისათვის, აბიტურიენტებისათვის, სტუდენტებისათვის და ნებისმიერი ზრდასრულისათვის - მთელი კარიერის განმავლობაში. ეს უნიკალური შესაძლებლობა საშუალებას აძლევს ადამიანებს გაცნობიერებული პროფესიული არჩევანი გააკეთონ და წარმატებულად მართონ თავიანთი კარიერა - ეს კი ბიზნესის, სახელმწიფო ინსტიტუციების, არასამთავრობო სექტორში წარმოდგენილი ორგანიზაციების მდგრადობის, პროფესიონალი ტალანტების უზრუნველყოფის წინაპირობაა, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე.
რად ღირს, პროფესიული განათლების სფეროსათვის შექმნილი ღირებულება - ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და გაერო-ს განვითარების სააგენტოსთან I UNDP-სთან თანამშრომლობით შევქმენით უმნიშვნელოვანესი HR დოკუმენტების პაკეტი პროფესიული სასწავლებლების აკრედიტაციის მე-4 სტანდარტთან ჰარმონიზაციისათვის, რომლის შედეგადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობა ეძლევათ დანერგონ ეს დოკუმენტები რეალურ პრაქტიკაში და კიდევ უფრო ხარისხიანი საგანმანათლებლო ოპერაციები წარმართონ მათი სტუნდენტების ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად.
ეს მხოლოდ ძალიან მცირედი ნაწილია იმ პროექტების და პროგრამების, სერვისებისა და პროდუქტების სიიდან, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად - HR პროფესიონალთა ასოციაციის მიერ, სწორედ ევროპელი და ამერიკელი ხალხის, მათი დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შეიქმნა საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის, ბიზნესებისათვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, ჩვენი საამაყო მომავალი თაობისათვის, ჩვენი უსაყვარლესი და საამაყო კოლეგებისათვის - HR პროფესონალებისათვის. და ეს ამჟამადაც გრძელდება და გაგრძელდება!
არანაირი ეს ღირებულება არ შეიქმნებოდა ევროპული და ამერიკული მხარდაჭერის გარეშე, სწორედ ამიტომ ჩვენ, პრაქტიკოს პროფესიონალებს, რეალური პრაქტიკიდან შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ საქართველოს მომავალი, მისი პროგრესი, განვითარება და ღირსეული ადგილის დამკვიდრება მხოლოდ ევროპული ფასეულობებით და მხოლოდ ევროპულ ოჯახში ხდება შესაძლებელი.
ჩვენთვის ყოველი ადამიანი ტალანტია, ჩვენთვის ყოველი ადამიანის კეთილდღეობა, პიროვნული და პროფესიული რეალიზება ჩვენი პროფესიული მსახურების არსია, ჩვენთვის მხარდაჭერა, სითბოსა და სიყვარულის გაზიარება, განვითარება უმთავრესი ღირებულებებია, ჩვენთვის ევროპული ფასეულობები, ჩვენი ადამიანური თვითმყოფადობის ნაწილია!
დღეს სიმბოლურია, რომ შეგვიძლია ხმამაღლა და უდიდესი სიამაყით განვაცხადოთ, რომ ჩვენი ასოციაცია უერთდება უდიდეს ევროპულ HR გაერთიანებას, HR ოჯახს, საიდანაც 35 ევროპული ქვეყნის გამოცდილებას შემოვიტანთ და გავაზიარებთ ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს კოლეგებთან და ზოგადად ადამიანებთან და ორგანიზაციებთან. დღეს ჩვენ პროფესიულად ვერთიანდებით ევროპულ ოჯახში და ვდგავართ და გავაგრძელებთ დგომას იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა დამსახურებულად გახდეს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.
საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპაშია!