Novo Nordisk-მა წონაში კლებისთვის განკუთვნილი წამლის, “ვეგოვის” აბების სახით გამოშვებისთვის შტატების მარეგულირებლის თანხმობა მოიპოვა. არსებული ინფორმაციით, ახალი აბი 25 მილიგრამ სემაგლუტიდს შეიცავს, ზუსტად იმ მოცულობას, რასაც “ვეგოვის” ერთი კაფსული შეიცავს და დღემდე მხოლოდ ინექციის გზით იყო ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების შეფასებით, მარეგულირებლის თანხმობა Novo Nordisk-ს წონის კლების მედიკამენტების ბაზარზე მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარება, რადგან შპრიცის გამოყენებით წამლის მიღება მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის არაკომფორტულია, აბების გამოყენება კი გაცილებით უფრო მოსახერხებელი და მისაღებია. როგორც ირკვევა, აბების სახით გამოშვებული “ვეგოვი” 64-კვირიანი პროცედურის ფარგლებში სხეულის საერთო წონას 16.6%-ით ამცირებს. არსებული ინფორმაციით, ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ ზრდასრულებისთვის, რომლებსაც აწუხებთ ჭარბი წონა და დგანან ჯანმრთელობის გაუარესების უმძიმესი რისკების წინაშე.
წამლების შემქმნელი დანიური კომპანიისთვის ეს ინფორმაცია განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა, რადგან Eli Lilly-სთან გაზრდილი კონკურენციის გამო, ბოლო 1 წლის განმავლობაში მისი პრეპარატების გაყიდვები დაეცა, შემოსავალი კი მკვეთრად შემცირდა.
როგორც Reuters-ი წერს, იმ კომპანიის შეფასება, რომელიც საფონდო ბირჟაზე დანიურ Novo Nordisk-ს წარმოადგენს, მკვეთრად გაიზარდა. ანალიტიკოსები მოელიან, რომ აბებად გამოშვებული “ვეგოვი” 2030 წლამდე წონის კლების მედიკამენტების ბაზრის 20%-ს დაკავებას შეძლებს. თუმცა არსებობს ალბათობა, რომ Novo Nordisk-ს კონკურენცია მალე გამოუჩნდება, რადგან იდენტური სახის პრეპარატის დამტკიცებაზე განცხადება ამერიკის საკვებისა და წამლების ადმინისტრაციაში, ანუ სახელმწიფო მარეგულირებელში უკვე Eli Lilly-მაც შეიტანა.




























