ველისციხის რეაბილიტაციის დასასრულებლად ახალი ტენდერი აპრილ-მაისში გამოცხადდება, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ განაცხადა, რომელმაც სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის გაგრძელებასთან დაკავშირებული პროცედურები ადგილზე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, გივი მეტრეველთან და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან ერთად შეაფასა.
საქმე ისაა, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა ₾30-მილიონიანი ხელშეკრულება სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან - შპს „ინსისა“ და შპს „ჯავას“ ერთობლივ საწარმოსთან. აღნიშნული კონტრაქტი 2021 წლის დეკემბერში გაფორმდა და პირვანდელი პროექტით, რეაბილიტაცია 20 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიებმა აღნიშნულ ვადებში ვალდებულების შესრულება ვერ შეძლეს და ამ დრომდე პროექტის ბიუჯეტის 73% არის ათვისებული. გასული წლის ოქტომბერში, "ქართული ოცნების" მთავრობაში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ წლების წინ დაწყებული ველისციხის რეაბილიტაცია ფაქტობრივად არ მიმდინარეობს, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში გადაწყვეტილებას მიიღებდნენ.
ბექა ურუშაძემ აღნიშნა, რომ პროექტის მოქმედი ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ფონდმა მას შემდეგ მიიღო, რაც კონტრაქტორთან ერთად პროექტის გაგრძელებისთვის არსებული ყველა შესაძლო რესურსი ამოიწურა.
„ამ პროცესის თითოეული ეტაპი — ხელშეკრულების შეწყვეტიდან ახალი ტენდერის გამოცხადებამდე — აზიის განვითარების ბანკთან (ADB) მჭიდრო კოორდინაციითა და ჩართულობით მიმდინარეობს. მუნიციპალური განვითარების ფონდის პრიორიტეტი ყოველთვის არის მოსახლეობისა და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით იმ პროექტებზე, რომლებიც პრობლემური მდგომარეობით გადმოგვეცა”,- განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ბექა ურუშაძემ ასევე განმარტა, რომ პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ფონდი მაქსიმალურად ცდილობს ყველა ეტაპი მოკლე ვადებში, გამჭვირვალედ დასრულდეს და კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ, სამუშაოების დასასრულებლად, ახალი ტენდერი, აპრილ-მაისში გამოცხადდეს.
ველისციხის რეაბილიტაციის ფარგლებში, იგეგმება ცენტრალურ ნაწილში 60-მდე სახლის, თეატრის მოედნისა და ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია, თეატრის ფასადისა და პირველი სართულის რეკონსტრუქცია და მიმდებარე პარკის კეთილმოწყობა.




























