მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი
29.07.24 22:17
584

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციაში (COSAC) მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბუდაპეშტში ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებზე და საქართველოს სწრაფვაზე ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

რუსული ოკუპაციის და საქართველოს ორ რეგიონში მისი უკანონო სამხედრო ყოფნის პირობებში, უსაფრთხოების ქოლგის გარეშე გაზრდილ საფრთხეებთან გამკლავება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნების და ეკონომიკური წინსვლის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობა შორეულ ოცნებად არ დარჩეს საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეალობად იქცეს ახლო მომავალში“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

მან ყურადღება გაამახვილა კანდიდატ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და ხაზი გაუსვა პროცესის შეუფერხებლად წარმართვის აუცილებლობას საქართველოსთან მიმართებაში: "საქართველო გასული წლის დეკემბრიდან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა და მადლობელი ვართ ევროპული საბჭოს ამ გადაწყვეტილებისთვის. თუმცა, სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით ჯერ კიდევ ველით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. დაუყოვნებლივ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, დავიწყოთ დიალოგი მნიშვნელოვან საკითხებზე ჩვენი საერთო ინტერესების მისაღწევად და ევროკავშირის გაფართოების წარმატებისთვის, რაც ასევე მნიშვნელოვანია ევროპულ უსაფრთხოებისთვის და კეთილდღეობისთვის.“

ევროკავშირის გაფართოების საკითხზე გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა პიტერ სტარაიმ.

COSAC-ის თავმჯდომარეთა შეხვედრაში, რომელსაც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა - უნგრეთი მასპინძლობს ქ. ბუდაპეშტში, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები და ასევე, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრას უძღვებოდა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ზოლტან ტეშეი. ევროკავშირის უნგრეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტები შეხვედრის მონაწილეებს უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა იანოს ბოკამ გააცნო.

კონფერენციის ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები