მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ველით მეორე ნაბიჯს“ - ლევან სილაგავა ხორბლის ექსპორტის აკრძალვაზე

62bade016d252
ვიქტორია მღებრიშვილი
28.06.22 15:00
1095
საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბალი და ქერი მხოლოდ შიდა ბაზარზე გაიყიდოს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შეფასება BM.GE-მ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას სთხოვა. აღსანიშნია, რომ ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრის შემდეგ მეხორბლეები, ხორბლის იმპორტის შემცირებისა და ადგილობრივი წისქვილკომბინატების გაჩერების გამო, ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევას, სახელმწიფო უწყებებთან აქტიურად განიხილავდნენ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასურსათო უსაფრთხოების მიზნით, მთავრობის მიერ გადადგმულ ამ ნაბიჯს მიესალმებიან, თუმცა ხელისუფლებისგან გამოწვევის გადასაჭრელად მეორე ნაბიჯის გადადგმას ელიან, რომელიც ადგილობრივი წარმოებების ამოქმედებას და ხორბლის იმპორტის აღდგენას გულისხმობს. ლევან სილაგავა ამბობს, რომ ადგილობრივი ხორბლის მოსავალი ქვეყნის თვითუზრუნველყოფისთვის საკმარისი არ არის.

„ჩვენ მივესალმებით ხორბლის და ქერის ექსპორტის აკრძალვის გადაწყვეტილებას. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო სასურსათო უსაფრთხოებიდან გამომდინარე მსგავს ნაბიჯებს დგამს, თუმცა ამ შემთხვევაში ადგილობრივი ხორბლის რაოდენობა მხოლოდ 1.5 თვის საკმარისია. ველოდებით მეორე ნაბიჯის გადადგმას, რათა სასურსათო უსაფრთხოებისთვის ადგილობრივ მოხმარებას შემოტანილი ხორბლის რაოდენობა დაემატოს და გარდამავალი მარაგები შეიქმნას.

ეს პირველი ნაბიჯია, რაც ძალიან კარგია და პროგნოზირებადია, თუმცა ეს არ არის საკმარისი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსავალი არ არის იმ მოცულობის, რომ მთლიანად დაიცვას სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც მარაგების დაგროვებას და იმ ჯაჭვის გამართვას გულისხმობს, რომელიც წარმოებასაც მოიცავს. პირველი ნაბიჯი კარგია, თუმცა ეს სასურსათო უსაფრთხოებისთვის საკმარისი არ არის.

ხორბლის იმპორტიორთა და მწარმოებელთა ასოციაცია მეორე ნაბიჯს ელოდება, რათა ამუშავდნენ წისქვილები. ეს ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას იმ ზღვარზე გაიყვანს, რომელიც გაეროს მიერ იქნება რეკომენდირებული“, - განმარტა ლევან სილაგავამ.

ცნობისთვის: საქართველოში ბოლო წლებში საშუალოდ ასი ათასი ტონა ხორბალი იწარმოება, კერძოდ, 2020 წელს ადგილობრივმა წარმოებამ 102 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მთლიანმა მოხმარებამ კი - 735 ათასი ტონა. 2017 წლიდან 2020 წლამდე ხორბლის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 15%-ს შეადგენს, რაც წინა წლების მაჩვენებლებზე შედარებით მაღალია, თუმცა თვითუზრუნველყოფის ზრდის დიდი ნაწილი ხორბლის გამოყენების შემცირებისგან მოდის.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ანალიტიკისა და კვლევის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში ხორბლის ნათესი ფართობი საშუალოდ 45-50 ათასი ჰექტარია. ნათესი ფართობისგან განსხვავებით, ხორბლის მოსავალი შედარებით მზარდია. 2021 წელს ქვეყანაში 136.1 ათასი ტონა ხორბლის მოსავალი მოვიდა, რაც 2020 წლის მაჩვენებელს 33%-ით აღემატება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები