საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი ამბობს, რომ მეორე კვარტალში სესხის გამცემი სუბიექტებისთვის საკრედიტო პორტფელის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი სესხის გამცემი სუბიექტების მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან შერწყმას უკავშირდებოდა. ამის შესახებ მან "საქმის კურსში" ისაუბრა.
2024 წლის 6 თვეში მცირე კრედიტორებმა, რომლებიც ეროვნულ ბანკში ანგარიშგებას წარადგენენ, საქმიანობიდან 24.8 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს.
მისო-ების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის შეფასებით, გაუმჯობესებული მოგებიანობის მაჩვენებელიც საყურადღებოა, რამდენადაც ზრდაც ხარჯვითი ნაწილის ოპტიმიზაციას უკავშირდებოდა. მისი თქმით, ამ პერიოდში არასაპროცენტო ხარჯი 2019 წლის ნიშნულამდე შემცირდა. გაერთიანებაში ზრდის ტენდენციის შენარჩუნებას ელიან.
“თუ ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს ჩავურღმავდებით, მთავარი ფაქტორი რამდენიმე მსხვილი სესხის გამცემი სუბიექტები იყვნენ, რომლებიც მიკროსაფინანსოებს შეერწყვნენ და უფრო მაღალ რეგულირებად სეგმენტში გადმოვიდნენ. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც მეორე კვარტალში ზრდა განაპირობა.
ასევე გაუმჯობესებულია მოგებიანობის მაჩვენებელი. თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოგებიანობის პარამეტრები სტაბილურად ერთ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული, მეორე კვარტალის შედეგებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული მონაცემები ზრდის ტენდენციაშია და უმჯობესდება. ამის გამომწვევი ძირითადი ფაქტორი ხარჯვითი ნაწილის, კერძოდ არასაპროცენტო ხარჯების ოპტიმიზაციაა. თუ ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებოდით მიკროსაფინანსო სეგმენტში არასაპროცენტო ხარჯი მზარდი იყო და მიუხედავად ამ ფაქტორისა სექტორმა თავისი საფასო პოლიტიკის შენარჩუნება მოახერხა. ახლა უკვე ვაკვირდებით იმ ტენდენციას, რომ ეს მაჩვენებელი მცირდება. მაგალითად არასაპროცენტო ხარჯი თუ გასულ წელს საშუალო პორტფელთან მიმართებით დაახლოებით 13.4%-ზე დაიხურა, 6 თვის წლიური მონაცემი 11.7%-ია. ბოლოს ასეთი დაბალი ნიშნული 2019 წელს იყო.
მოლოდინი არის, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და გაიაფებული რესურსით ოპერირების შესაძლებლობა უფრო გრძელვადაში ექნება”, - ამბობს საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ნინო დევდარიანი.