მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ველოდები განათლების სისტემის მთლიან ნგრევას" - რეფორმის საფრთხეები|ინტერვიუ ნანა დიხამინჯიასთან

ნანა დიხამინჯია

ტექნოლოგიური ინჟინერი, პროფესორი ნანა დიხამინჯია უმაღლესი განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა ორ დღეში, დაჩქარებული წესით, 10 დეკემბერს დაამტკიცა, აფასებს არა - როგორც რეფორმას, არამედ როგორც დეფორმას“ და განათლების სისტემის მიზანმიმართულ ნგრევას“.

პროფესორმა, რომელსაც ქართულ უნივერსიტეტებში (ილიაუნი“, ალტე უნივერსიტეტი“) სწავლების პრაქტიკული გამოცდილებაც აქვს, BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ვრცლად ისაუბრა იმ რისკებზე, რომელსაც დაგეგმილი ცვლილებები სტუდენტებს, უნივერსიტეტებსა და ზოგადად, ქვეყნის განათლების სისტემას უქმნის.

განათლების რეფორმის კრიტიკა და პრობლემების არსი

ნანა დიხამინჯიას თქმით, არა თუ საქართველოს განათლების სისტემაში, აშშ-შიც და შვედეთშიც ბევრი რამეა გასაუმჯობესებელი. განათლების სისტემა მუდმივად უნდა იცვლებოდეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი ნგრევა, რაც ახლა ხდება“, - ამბობს პროფესორი და ხაზს უსვამს, რომ განათლების სისტემა ძალიან კომპლექსურია და ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს:

კვლევებზე დაფუძნებით;

საპილოტე რეჟიმში;

ბევრი ორგანიზაციის ჩართულობით;

მინიმუმ 2-3 წლის განმავლობაში დაგეგმვით და ეტაპობრივი განხორციელებით.

კვლევების არარსებობა/იგნორირება და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შელახვა - ნანა დიხამინჯიას ორი მთავარი არგუმენტია, რატომაც ის რეფორმის პროცესს აკრიტიკებს.

„როდესაც [უმაღლესი განათლების რეფორმის] კონცეფციის პროექტს წერ, თუ ის კვლევას ეფუძნება, ყველა შეფასებას, ყველა დასკვნას ან შემოთავაზებულ ცვლილებას უნდა ჰქონდეს მიწერილი რას ეფუძნება... ამ კონცეფციას საერთოდ ლიტერატურა არ აქვს მიწერილი. ასეთი კონცეფციის პროექტს უნივერსიტეტში პირველკურსელისგანაც ვერ მივიღებდით...

მთავრობის მიერ პროგრამებისა და სტუდენტთა კვოტების განსაზღვრა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას უნივერსიტეტების ავტონომიის შესახებ, რაც ავტორიზაციის სტანდარტებშიც არის გაწერილი. უნივერსიტეტი ვეღარ შეძლებს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას“, - აცხადებს ნინა დიხამინჯია.

წერტილის“ წამყვანის რეპლიკაზე - განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ირწმუნება, რომ წლების განმავლობაში, განათლების სამინისტროს სხვადასხვა ქვეუწყებებს არაერთი კვლევა აქვთ ჩატარებული, უბრალოდ, რეფორმის რეალიზაციის დრო დაგვიანდა - ნანა დიხამინჯიამ თქვა, რომ ეს არის არაპროფესიონალი ადამიანის პასუხი“.

„ზვიად გაბისონია არაპროფესიონალ ადამიანად არ მიმაჩნია და ეს იმას ნიშნავს, რომ ის უბრალოდ გვატყუებს... ჩვეულებრივ ამპლუაში ის ასეთ პასუხს არ გაგვცემდა. მე მას ვიცნობდი, სანამ მინისტრის მოადგილე გახდებოდა... ცხადია, ახლა რეფორმის „დაცვა“ უწევს.

როგორც წესი, კვლევები განსაზღვრავს ხოლმე პრობლემას, რაც ჩვენც ვიცით... რა თქმა უნდა ვიცით, რომ უკეთესი მეცნიერება გვჭირდება და არ გვჭირდება მეცნიერებათა აკადემია, რომელსაც როინ მეტრეველი ხელმძღვანელობს, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს მეცნიერებაზე, მით უმეტეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებზე, ხომ?! რა თქმა უნდა ვიცით, რომ უკეთესი სწავლება გვჭირდება, უკეთესი დაფინანსება გვჭირდება STEM მიმართულებების... ამაზე იყო კვლევები, მაგრამ მაჩვენოს კვლევა, სადაც წერია, რომ ერთი პროგრამა - ერთ ქალაქში“ მოდელია [საჭირო]“, - მიმართა რეფორმის ავტორებს ნანა დიხამინჯიამ.

მოდელი „ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი“

პროფესორის აზრით, ეს მოდელი „სისულელეა“, მხოლოდ „დიქტატორული მიდგომების მაჩვენებელია“ და ახსნა, რატომ მიაჩნია ასე:

კონკურენციის განადგურება: რეფორმა სპობს კონკურენციას სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, თუმცა პროგრამები კერძო უნივერსიტეტებში რჩება.

ინტერდისციპლინურობის შეზღუდვა: მიდგომა სპობს ინტერდისციპლინურ კვლევებსა და პროგრამებს, რისკენაც მიდის მსოფლიო განათლება (მიკროხარისხები, მაინორ სპეციალობები).

ხარისხის გაუარესება: ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბარი გაუგებარია, როდესაც არ არსებობს კონკურენცია და არჩევანი. ხარისხი არ უმჯობესდება, როდესაც უნივერსიტეტებს საუკეთესო, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებსა და კვლევებს უსპობენ.

უმაღლესი განათლების რეფორმის გავლენა უნივერსიტეტებზე

ნანა დიხამინჯიას შეფასებით, უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვის გამო, სახელმწიფო უნივერსიტეტები, მათ შორის ილიაუნი და სამედიცინო უნივერსიტეტი, მნიშვნელოვან შემოსავალს დაკარგავენ. ეს თანხები აქამდე ქართველი სტუდენტების სწავლების ხარისხის, ლაბორატორიებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.

უკვე რამდენიმე წელია 2 250 ლარი ბაღი აღარ ღირს თბილისში, [არათუ უმაღლესი განათლება]... ფაქტობრივად, უცხოელი სტუდენტები აფინანსებდნენ ქართველის სტუდენტების სწავლასაც. პროფესორების ხელფასებსაც ისინი აფინანსებდნენ - თუ ქართულენოვან პროგრამაზე ვერ უხდიდა უნივერსიტეტი ლექტორს საათში 30 ლარზე მეტს, ინგლისურენოვან პროგრამებზე ლექციებს უმატებდნენ, რადგან ფიზიკურად სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა უნივერსიტეტს“, - აღნიშნა მან.

ფინანსურ დამოკიდებულება - უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ არანაირი თავისუფალი ფული და ვეღარ განახორციელებენ დამოუკიდებელ პროექტებს“.

რესურსების დაკარგვა - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწევს ძვირად ღირებული ლაბორატორიების დათმობა. იქმნება აბსურდული სიტუაცია, როდესაც მონათესავე მიმართულებები (მაგ. ბიოქიმია და ბიოტექნოლოგიები) სხვადასხვა უნივერსიტეტში გადანაწილდება, რაც კვლევას აზარალებს“.

მოიგებენ“ დაბალი ხარისხის პროგრამები - მოგებული დარჩება ის უნივერსიტეტი, რომელიც უფრო ნაკლებად ხარისხიან პროგრამას ახორციელებდა და კვოტებს ვერ ავსებდა, მაგრამ დეფორმის შემდეგ, გარანტირებულად შეავსებს მათ“

უმაღლესი განათლების რეფორმის გავლენა სტუდენტებზე (აბიტურიენტებზე)

უფასო სწავლის „ფასი“ - უფასო სწავლება მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტში იქნება, რაც უნივერსიტეტებს შორის კონკურენციას გააქრობს - ეს კი ხარისხზე აისახება".

გაცვლითი პროგრამები: „როგორც კი სახელმწიფო უნივერსიტეტებს აუკრძალავენ უცხოელი სტუდენტების მიღებას, სახელმწიფო უნივერსიტეტს არ დარჩება ინგლისურენოვანი პროგრამების განხორციელების რესურსი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს... ამასთან, თუ ინგლისურენოვანი პროგრამა არ გაქვს, ევროპულ უნივერსიტეტს შენთან პარტნიორობა არ უნდა „ერაზმუსის“ გაცვლით პროგრამებში ანუ ეს „ერაზმუსის“ გაცვლით პროგრამებში საქართველოს უნივერსიტეტი რომ მოხვდეს, ევროპულმა უნივერსიტეტმა უნდა აირჩიოს ჯერ ის პარტნიორად და შემდეგ შეიტანოს საგრანტო წინადადება „ერაზმუსის“ დაფინანსებაზე“... უნდა ვაღიაროთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, დაახლოებით, 10-ჯერ შემცირდება გაცვლითი პროგრამების რაოდენობა".

კვოტების ზრდის საფრთხე: გაუგებარია, როგორ მოხდება სტუდენტთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა (მაგალითად, 100-დან 500-მდე), როდესაც პროგრამის ხარისხი და რესურსები (ლაბორატორიები, კომპიუტერები, პროფესურა) გათვლილი იყო გაცილებით ნაკლებზე?!“

განათლების რეფორმა დ შრომის ბაზრის მოთხოვნის კვლევა

პროფესორი ნანა დიხამინჯია აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტებს ყოველთვის მოეთხოვებოდათ შრომის ბაზრის კვლევა და პროგრამების შესაბამისად დაგეგმვა, რათა კურსდამთავრებულები დასაქმების შესაძლებლობის გარეშე არ დარჩენილიყვნენ.

სახელმწიფოს ფუნქციაა, სწორი სტატისტიკის მოწოდება და არა - კონკრეტული უნივერსიტეტისთვის კვოტების დადგენა“, - ამბობს ის.

პროფესორის განცხადებითვე, სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებების (ხელოვნური ინტელექტი, კვანტური გამოთვლები) პირობებში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ვერ განსაზღვრავს ზუსტად, რამდენი სპეციალისტი დასჭირდება ქვეყანას 3-4 წლის შემდეგ.

ზოგადი ტენდენცია არის ის, რომ ყველამ უნდა ისწავლოს კარგად მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, რათა შემდგომში თანამედროვე მეცნიერების შესაძლებლობები ეკონომიკისთვის გამოიყენოს“, - აღნიშნა მან.

„ოცნების“ განათლების რეფორმის მოსალოდნელი შედეგი

პროფესორ ნანა დიხამინჯიას შეფასებით, ოცნების“ უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი მოსალოდნელი შედეგი „განათლების სისტემის მთლიანი ნგრევაა“.

მისი აზრით, სინამდვილეში ხელისუფლების მთავარი მიზნებია:

1. განათლების სისტემის მთლიანად დამორჩილება;

2. დიდი რაოდენობით „იაფი მუშახელის“ გაჩენა ;

3. სტუდენტთა ხმის ჩახშობა - სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს ხმის ამოღების უფლება, რომ მერე უნივერსიტეტი არ დაისაჯოს კვოტების შემცირებით.

პროფესორი, როგორც საბოლოო და ყველაზე მძიმე მიზანს, ასახელებს რუსეთის მიერ საქართველოს განათლების სისტემის საბოლოო განადგურებას.

[განათლების დეფორმას] ფონად უფრო მძიმე მიზანი გასდევს - ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს განათლების სისტემის საბოლოო განადგურება, რათა იგივე არ დაემართოთ, რაც მე-19 საუკუნეში, როცა განათლებული ხალხი ჩამოვიდა და საქართველოს სახელმწიფოებრიობა თავიდან აღადგინა” - აცხადებს ტექნოლოგიური ინჟინერი, პროფესორი ნანა დიხამინჯია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები