მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ველოდები, რომ მეორე კვარტალში შედეგი უფრო უარესი იქნება - ხიშტოვანი უმუშევრობის ზრდაზე

გიორგი ხიშტოვანი

ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, პირველ კვარტალში უმუშევრობის დონის ზრდა შრომის ბაზარზე არსებულ სტაგნაციაზე მიუთითებს. როგორც BMG-სთან ინტერვიუში გიორგი ხიშტოვანი აცხადებს, არსებული ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, ბიზნესის ნაწილმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო და ახალი კადრების აყვანის ტემპიც შეანელა.

მისი თქმით, მოლოდინია, რომ დასაქმების მაჩვენებლები მომდევნო კვარტალში კიდევ უფრო გაუარესდება.

„ბოლო 3-4 წელში პირველად, დაქირავებით დასაქმებულების ნაწილშიც კი მხოლოდ 0.5%-იანი ზრდა გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ დაქირავებით დასაქმებულთა ბაზარიც ერთ დონეზეა. 2024 წელს, როდესაც ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა, დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით იყო გაზრდილი, წელს კი ზრდა საერთოდ არ გვაქვს. მიზეზები გასაგებია - ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, რისი სიგნალიც შრომის ბაზარია. ვხედავთ, რომ ახალი სამუშაო ადგილები მაღალი ალბათობით არ იქმნება და პირიქით, არსებული სამუშაო ადგილები ან ქრება, ან დროებით ქრება.

როდესაც გამოკითხვების შედეგად ბიზნესი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა გაუარესებულია, რა თქმა უნდა, უნდა ველოდეთ, რომ ის დაიწყებს დასაქმებულების გათავისუფლებას. ეს, სავარაუდოდ, ნაწილობრივ უკვე ასეა, რაც პირველი კვარტალის სტატისტიკაში ჩანს. ჩემი აზრით, ტრენდი კლებადია, ველოდები, რომ მეორე კვარტალში შედეგი უფრო უარესი იქნება და უკვე სავარაუდოდ, დაქირავებით დასაქმებულთა ადამიანების რაოდენობაც შემცირებული იქნება“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.

ცნობისთვის, საქართველოში 2025 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონემ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით მოიმატა და 14.7 პროცენტი შეადგინა.

დაქირავებულთა რიცხვი 5.3 ათასი კაცით (0.6%) გაიზარდა და 958.3 ათასს მიაღწია. ამავე პერიოდში თვითდასაქმებულთა რაოდენობა 13.5 ათასით (3.0%) შემცირდა და 434.7 ათასი შეადგინა. შედეგად, უმუშევართა რიცხვი 10.8 ათასით (4.7%) გაიზარდა და 239.4 ათასს შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები